“ფილმი შეიცავს პორნო კონტენტს” – დიმიტრი ლორთქიფანიძე

„და ჩვენ ვიცეკვებთ“ ფილმის ჩვენების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორების განცხადებით, ფილმი პორნო კონტენტს შეიცავს და არ არის ასაკობრივი შეზღუდვა, რაც აკრძალულია. შესაბამისად, როგორც თავად ამბობენ,  პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მოთხოვნით უნდა მიმართონ.

“ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე მოითხოვს, “და ჩვენ ვიცეკვეთ” ფილმის ჩვენება გადაიდოს მანამ, სანამ ფილმში პორნოგრაფიული კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდება.

“ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარ პროკურატურას. ჩვენს მიერ დადასტურებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” შეიცავს პორნოგრაფიულ კონტენტებს. ამ ფილმის გაშვების ორგანიზატორებს ეყოთ თავხედობა და ცენტრალურ აფიშებზე გაიტანეს ასაკობრივი ცენზის განმსაზღვრელი გრიფი, ლათინური  “R”, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფილმის სეანსებზე დასწრების უფლება აქვთ როგორც მცირეწლოვნებს, ისე არასრულწლოვნებს. ჩვენ დღეს არ ვართ მხოლოდ და მხოლოდ ემოციური არჩევანის წინაშე, ფილმი ვუჩვენოთ, არ ვუჩვენოთ. არა, ეს არის იდეოლოგიური ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივი მოთხოვნაა, გადაიდოს ფილმის პრემიერა ექსპერტიზამდე,  მასში პორნოგრაფიულ კონტენტის შემცველობასთან დაკავშირებით,” – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.