„ალიას“ ინტერვიუს აძლევს სააკაშვილის მიერ ჩარეცხილად გამოცხადებული შევარდნაძის სასახლის კარის პოეტი და მწერალი კი არა, არამედ მისი რეჟიმისგან უკანონოდ გასამართლებული ერთადერთი პოეტი, მწერალი და იურისტი, ოთხი შვილის დედა და სამი შვილიშვილის ბებია ფატი კიპაროიძე, რომელიც მაშინ დააპატიმრეს, როდესაც მწერალთა კავშირის წევრები ერთმანეთს უჩიოდნენ სახელმწიფო ქონების მიტაცებაზე, თუ ვინ უფრო მეტი მიიტაცა, მაგრამ ისინი რატომღაც დაუსხლტნენ სააკაშვილის მართლმსაჯულებას, ფატი კიპაროიძე კი წლობით გამოკეტეს სააკაშვილის საკონცენტრაციო ბანაკში.
ეს ინტერვიუ თავისი შინაარსით უჩვეულოა, რადგან რესპონდენტიც და ჟურნალისტიც ერთი და იმავე წლებში იხდიდნენ სასჯელს, უკანონოდ და უსამართლოდ, ნაცების ვითომ შეცდომების გამო. და თან, იცით, ვისთან ერთად იყვნენ კამერაში? ვისთან და მომავალ გირჩელებთან, ნარკორეალიზატორებთან და ნარკომომხმარებლებთან ერთად. ისე, როგორ უყვართ ბურჟუაზიულ პოლიტიკანებს ყველაფრის წაბილწვა. სად მშვენიერი „გირჩი“, ბუნების ეს მშვენება, წიწვოვან მცენარეთა მიმართებაში და სად დამპალი ნარკომანია. მაგრამ როგორც „ცისფერმა მოძრაობამ“ მოიპარა მე-16 საუკუნის დამდეგს, გერმანიის გლეხთა აჯანყების ფერადოვანი დროშა, ასე გააკეთა “გირჩმა” ზურაბ ჯაფარიძემ და გირჩის სიკეთის სიმბოლო ბოროტების სიმბოლოდ აქცია. თუ ნარკომანი ქალები “ლომკებში” იყვნენ, ჩვენ შემოქმედებითი მუშაობა გვქონდა გაჩაღებული. ნეტა, რას წერენ ამდენსო, – ჩუმად გადაულაპარაკებდნენ ხოლმე ერთმანეთს, მთელი ცხოვრება ნარკოტიკულ თრობაში ჩარჩენილი ქალები. მწერალი ფატი კოპაროიძე პირველი ორი თვე დუმდა. ნარკომანებს ეგონათ, ის საშიში ფანტაზიორი იყო. არადა, ერთი უწყინარი ბედის მაძიებელი ქალი იყო. ამიტომ ჭკუასთან ახლოს იყო, რომ ფატის ხმა საერთოდ არ ამოეღო. ამიტომ დაუცხრომლად წერდა და წერდა. ფატიმ ციხეში თავისი თავი ხელმეორედ აღმოაჩინა. მისი დაწერილი პიესა “პაემანი წარსულთან” და “დედაჩემი ყველაზე ლამაზია” ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თუმანიშვილის თეატრის ფონდის ერთობლივ საერთაშორისო კონკურსში ხუთ საუკეთესო პიესათა შორის მოხვდა, რომელიც აზერბაიჯანის ალიბეგოვის სახელობის ქართულმა სახელმწიფო თეატრმა დადგა. მერე ბიძინა ივანიშვილის ამინისტიამ მოუსწრო და სააკაშვილის საკონცენტრაციო ბანაკიდან ცოცხალმა გამოაღწია.
ახლა კი დავუბრუნდეთ ინტერვიუს მწერალ ფატი კიპაროიძესთან.
ფატი, შენ ციხეშიც შეუმჩნევლად ცხოვრობდი და გარეთაც. აი, ჩემ წინ შენი ავტორობოთ, ორი წიგნი დევს, რომლის წაკითხვის შემდეგ მკითხველი მაშინვე აღმოჩნდება წიგნიური ცოდნისა და მხატვრული ხილვების სამყაროში და ამ ყველაფერს მოვლენებისადმი ფილოსოფიური აღქმა წარმართავს. შენ ხარ ერთადერთი მწერალი და სამართალმცოდნე პუბლიცისტი. შენი ერთი წიგნი „წერილი მოძღვარს” ციხის მოძღვარს მამა გიორგი კეჟერაშვილს მიუძღვენი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ბევრი მსჯავრდებული ქალის ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლაში. მეორე წიგნი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მამა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარ, სასწაულმოქმედ მამა სოკრატეზე დაწერე, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს უსაზღვრო სისპეტაკით და სათნოებით. როგორი დამთხვევაა, ვიხსენებ იმ დღეს, როდესაც ამ ტაძრის პარაკლისი აღავლინა 20 წლის წინ მამა სოკრატემ და მე რედაქციიდან გამაგზავნეს ტაძრის კურთხევისას. შევხვდი მამა სოკრატეს და იმ დღიდან ის ჩემი მოძღვარი გახდა. მასთან სახლში, არაერთხელ ვყოფილვარ, გრიბოედოვის ქუჩაზე. ჩემი დაპატიმრების დროს ის ისეთი დაუძლურებული იყო, რომ ჩემი მონახულება ვერ შეძლო. მაგრამ ჩემი ადვოკატისთვის უთქვამს, მთავარია, სიმტკიცე გამოიჩინოს და თავისუფლების სანაცვლოდ ავაზაკებს არ გაურიგდესო. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ რა შეიძლება ისწავლოს ახალმა თაობამ შენი წიგნიდან, ვსაუბრობ იმ თაობაზე, რომელსაც 2005 წელს მიღებულმა კანონმა ზოგადი განათლების შესახებ სკოლაც წაართვა და პედაგოგიც და მხოლოდ უნარ-ჩვევების ამარა დატოვა.
– ჯერ მკითხველს მინდა ვუთხრა, თუ როგორ აღმოვჩნდი მამა ანდრია პირველწოდებულის ტაძარში. „ოცნების” ამნისტიით სასჯელის მოუხდელი ნაწილი შემეცვალა საზოგადოებრივი შრომით და ორი წელიწადი ვიყავი მამა სოკრატესთან ტაძარში. შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად მოწამეობრივი ცხოვრებით ვიცხოვრე ეს პერიოდი. ციხის შემდეგ ეკლესიურმა ცხოვრებამ უდიდესი გარდატეხა მოახდინა ჩემზე, რადგან სულიერება და პოეზია – ეს ორი საწყისი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. ჩემი წიგნი მოზარდ თაობას სიყვარულს, სათნოებას, სინანულს და მიტევებას ასწავლის. ამ ფასეულობების გარეშე ადამიანი ვერ ჩამოყალიბდება. სამწუხაროდ, განათლების სისტემა დღეს განადგურებულია.
– ფატი, მეუღლეზე, ბავშვებზე რა ფსიქოლოგიური და მორალური გავლენა მოახდინა შენმა დაპატიმრებამ?
– ამის ახსნა ძალიან მიჭირს. ოთხი შვილის, მათ შორის ორი მცირეწლოვანის, უდედოდ ყოფნა – ეს დიდი საშინელებაა. ალბათ, შემოქმედებითად რომ არ დავხარჯულიყავი, მე პატიმრობას ვერ გადავიტანდი. ამაში შენც დამეთანხმები. სააკაშვილს და ადეიშვილს მიეცა იმ დედების ცოდვა, რომლებმაც დედაშვილობის ეს ფენომენი უსამართლოდ დაარღვიეს. თუმცა სააკაშვილმა არ იცის, რა არის ოჯახი, მისი ოჯახი – ეს კარიკატურული ოჯახია. ამიტომ ანგრევდა ის ოჯახებს და ციხეებში უშვებდა დედებს და მამებს, მისი მეორადი კაპიტალიზმის ასაშენებლად. ახლა კიევიდან იმუქრება, ჩამოვალ, ჩამოვალო. ჩამოვა, თორემ რაიმე კეთილი მიზნები ამოძრავებს. ვისაც მისი იმედი აქვს, მასზე უარესია. სააკაშვილის მხარდამჭერებსაც მაწანწალა ტურის ფსიქოლოგია აქვთ. შეიკრიბებიან და იწყებენ კივილს – მიშა, ჩამოდიო. სად უნდა ჩამოვიდეს. ეგენი წაიყვანოს თავისთან. მათ საქართველო ბოლომდე დარჩათ შესაჭმელი.
– ფატი, მწერლობაში გზა ვინ დაგილოცა, როგორც პოეტს?
– ნოდარ დუმბაძემ. მისი პასუხი დედაჩემს შენახული ჰქონდა. პატარა ასაკიდან ვუგზავნიდი ნოდარ დუმბაძეს ჩემს ჩანახატებს. ძალიან მოსწონდა. შენიშვნებსაც ვიზიარებდი. ქართულის მასწავლებელმა ომარ ქემერტელიძემ სკოლის ასაკში მითხრა, შენ მწერალი გამოხვალო. ჩემი სტატიები იბეჭდებოდა “ახალგაზრდა კომუნისტში”, საბჭოთა ჟურნალ-გაზეთებში. ყველას ეგონა, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარებდი, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტი ავირჩიე. პარალელურად ვსწავლობდი იაპონურ ენას.
– რატომ გაგიტაცა იაპონურმა?
– ერთ დღეს დამიბარა იურისტების დეკანმა გივი ინწკირველმა და შემომთავაზა, პარალელურად შემესწავლა იაპონური ენა და კულტურა. მოსკოვში იყო ქართველი მეცნიერი გოჩა ფიფია, რომელმაც ჩამოიყვანა კიოტოს უნივერსიტეტის რექტორი სეიჩი კიტაგავა თბილისში. მე იმ პერიოდში დავდიოდი კარატეზე და იოგაზე და ამის შესახებ იცოდა გივი ინწკირველმა. უცხოურ ენებს ვფლობდი. იაპონურმაც გამიტაცა და ვისწავლე. კიტაგავა მაშინ დაეხმარა საქართველოს კარატეს ფედერაციას, გაწევრიანებულიყო საერთაშორისო ფედერაციაში. მე მაქვს 21 სერთიფიკატი. საერთოდ, სულ ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო.
– რამდენი წიგნის ავტორი ხარ?
– ხუთი წიგნის ავტორი ვარ. გამოვეცი ლექსების კრებული, ბელეტრისტიკა და პიესები. პატიმრობისას ჩემი ლექსი გადავაგზავნე კონკურსზე და გაიმარჯვა. პირველი პრემია მივიღე. ჩემი პიესა ითარგმნა ინგლისურ ენაზე. იმანაც, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. სააკაშვილის რეჟიმი უკვე არ არსებობდა, თორემ მე პრემიას არავინ მომცემდა. აზერბაიჯანის თეატრის სცენაზე დაიდგა ჩემი პიესა, რომელიც ნარკომანიის თემაზე დავწერე.
– ეს პიესა “გირჩს” არ გაუგზავნე?
– ვაპირებ “გირჩი” დავპატიჟო პრემიერაზე მთელი შემადგენლობით. მინდა აღვნიშნო, რომ ციხეში შემოქმედებითად პროდუქტიული ვიყავი, რადგან ვცდილობდი, არ მეფიქრა იმაზე, თუ რამდენად უკანონოდ ვიხდიდი სასჯელს. ჩემი ყოფილი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრების გვერდით აღმოვჩნდი, ამიტომ მუდმივად ხელში მეჭირა კალამი და საადვოკატო საქმიანობასაც ვეწეოდი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემმა პროფესიამ და ლიტერატურის სიყვარულმა გადამარჩინა. ჩემს ტკივილს ლექსებით გამოვხატავდი. მე იმ წლებში შევხვდი ისეთ მსჯავრდებულებს, რომლებსაც ვერ წარმოვიდგენდი დამნაშავის სკამზე. მე შენ გიცნობდი, როგორც სამართლიან ჟურნალისტს. იქ ბევრი ქალი ჟურნალისტი იხდიდა სასჯელს. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ მათ რატომღაც დუმილი არჩიეს და ციხის დატოვების შემდეგ სააკაშვილის რეჟიმზე არაფერი უთქვამთ. ერთადერთი იშვიათი გამონაკლისი ხარ შენ, რომელიც ციხიდანაც წერდი სიმართლეს და დღესაც ამბობ მართალ სიტყვას.
– ფატი, როგორ ფიქრობ, შენ სააკაშვილის რეჟიმმა, როგორც მწერალი, რატომ ამოგარჩია?
– არ ვიცი, არ მაქვს ამაზე პასუხი. ეს ყველაფერი დაწერილი მაქვს და წიგნად გამოვა. სულ ვკითხულობ, ხათუნა კალმახელიძე სად გადამალეს. მან ციხის სველი კედლები ქალი პატიმრების ფილტვებით გამოაშრო. რამდენჯერ შეეცადნენ პატიმრები ამ თემის გაშუქებას წამყვანი ტელეჟურნალისტების სტუდიაში, მაგრამ არცერთხელ არ დაუთმეს ეთერი ქალი პატიმრების თემას. ჩემთვის ძალიან გასაოცარია, როდესაც ცნობილი მედიკო ალანია მშობლიურ სენაკში, თავის ვილაში მშვიდად არის მოკალათებული და იქიდან ნამცხვრების რეცეპტებს იძლევა. რა ცინიზმია! ეს ფაქტი არის დაპირებული სამართლიანობის აღდგენის კლასიკური მაგალითი. ნეტა, კალმახელიძე რის რეცეპტებს იძლევა? მე ქალთა ბუნტის დროს ციხეში არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მომიყვნენ, ჰოლივუდის სცენარისტებსაც კი შეშურდებათ ის ეპიზოდები, ბუნტის ორგანიზატორები და ნათლიები ყველა დაუსჯელია. შაშკინი კენჭს იყრის. ამის შემდეგ როგორ უნდა ვილაპარაკოთ სამართლიანობაზე.
– ფატი შენი საადვოკატო პრაქტიკიდან თუ დაგიწერია რაიმე რეალურ ისტორიაზე?
– რა თქმა უნდა. აზერბაიჯანის ტელევიზია იღებს დოკუმენტურ ფილმს. ეს არის ოთხმოცდაათიანი წლების საადვოკატო პრაქტიკიდან აღებული ნამდვილი ისტორია. სად განვლილი პრაქტიკა, სად ფაქტები და სად გამოგონილი. მე კარგად ვიცნობ კრიმინალისტებს, კაპიტალისტური საქართველოს სასამართლო სისტემას, საგამოძიებო სისტემას, რომელიც აბსოლუტურად კლასობრივია და ემსახურება ბურჟუაზიული სახელმწიფოს კლასობრივი რეპრესიების ორგანოებს. მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ სააკაშვილს განათლებული, მოაზროვნე და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არ ჭირდება, პირიქით, მათი ეშინოდა.. მას რომ დაცლოდა, პოლიტიკური ტერორით ჟურნალისტების, იურისტების, მხატვრების, მეცნიერების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა ციხეებში. მისმა ფაშისტურმა რეჟიმმა დაგვანახა ის, თუ რამდენად ძლიერია სულიერად ქართველი ქალი და როგორი ბრძოლისუნარიანი, რომ დაიცვას საკუთარი ღირსება და საკუთარი ოჯახი, რომ არ დაკარგოს მომავლის იმედი. ამას მე ვხედავდი პატიმრობის დროს ყოველ წუთს. ახლა მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენ მსოფლიოსთვის”. მსოფლიოს დაკვეთაა, ქალი პოლიტიკოსი წინ იყოს წამოწეული. ქალი, თავისი გონებრივი მონაცემებით, კრიტიკური სიტუაციების დროს ბევრად ადეკვატური და მობილიზებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ჩემი განვლილი ცხოვრება და საადვოკატო პრაქტიკა. დააკვირდით, განსაცდელების დროს მამაკაცები რა დაბნეულები არიან. ქალი ინარჩუნებს სიმშვიდეს. ქართველმა პოლიტიკოსმა ქალებმა მსოფლიოში უდიდესი კვალი დატოვეს: თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, შუშანიკი რა სიძლიერის იყო! მამაკაცმა ვერ გაუძლო ტანჯვას და სარწმუნოებაც შეიცვალა. იქნებ, ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალი პოლიტიკოსების სიმცირემ გამოიწვია ის მოვლენები, რაც ჩვენს თვალწინ ხდება. ახლა ხელისუფლების მესიჯი მნიშვნელოვნად მიმაჩნია, როდესაც ჩვენი აქცენტი გაკეთდა პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი ყოფილიყო. ეს აუცილებელია.
– ჩვენ ყველანი გარდაქმნიდან და საჯაროობიდან მოვდივართ. თქვენ ეს დრო როგორ გახსენდებათ?
– ეს დრო ძალიან ცუდად მახსენდება. 80-იან წლებში სკოლაში ვსწავლობდი. მაშინ მშრალი კანონი გამოაცხადეს. იმ დღიდან შევეჩეხეთ ეპოქალურ პროცესებს. შემდეგ იყო 9 აპრილი. მას კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობა მოჰყვა, ტერორი, 400 ათასი დევნილი, 2 მილიონზე მეტი ქართველი გავიდა საქართველოდან. ამაზე მეტი რაღა უნდა დაგვმართოდა. მოდით, ისიც გავიხსენოთ, ვანო მერაბიშვილს ცალკე კვარტლის აშენება უნდოდა, სადაც მხოლოდ პოლიციელები და მათი ოჯახები იცხოვრებდნენ, თავიანთი დახურული ინფრასტრუქტურით. ვანოს იმიტომ უნდოდა, პოლიციელების ოჯახებს ცალკე ეცხოვრათ, რომ მოქალაქეები უცხონი ყოფილიყვნენ მათთვის, რათა უფრო სისასტიკე გამოეჩინათ საკუთარი ხალხის მიმართ.
“ალია”