„ბელარუსიდან არანაირი სიგნალი არ არის მოლაპარაკებების დასაწყებად“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
„სიას ახალი გვარები დაემატება. ეს არის პასუხი ბელარუსში არსებულ ვითარებაზე. კვირას ისევ ვნახეთ დემონსტრანტების წინააღდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება. ბელარუსიდან არაიანი სიგნალი არ არის მოლაპარაკებების დასაწყებად. ბელარუსი ისევ ხელს უშლის ეუთოს მისიას. წევრმა ქვეყნებმა წარმოადგინეს შავ სიაში შესაყვან პირთა ახალი გვარები და მათ შორის იყო ალექსანდრ ლუკაშენკო. წევრმა ქვეყნებმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირეს”, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციებზე შეთანხმდნენ.
23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.
“აიპიენი”