ბელარუსის შსს-ს განცხადებით, მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, შესაძლოა, საბრძოლო იარაღი და სპეცსაშუალებები გამოიყენონ.
ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა გენადი კაზაკევიჩმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია საპროტესო მოძრაობის ეტაპობრივი ჩაცხრომის შესახებ იუწყება.
„თუმცა, პროტესტი გაცილებით ორგანიზებული და უკიდურესად რადიკალური გახდა. ამის დასტურია გასული კვირის აქციები – ქვები, ბოთლები, დანები, მოგვიანებით – ბარიკადები და ცეცხლმოკიდებული საბურავები. ამას სამოქალაქო პროტესტთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ შევეჯახეთ არა უბრალოდ აგრესიას, არამედ „ბოევიკების“, ანარქისტების, საფეხბურთო ფანატების მცდელობას, გაიმეორონ აგვისტოს დასაწყისში მომხდარი მოვლენები. შსს-ს სახელით ვაცხადებ – ჩვენ არ წავალთ ქუჩიდან და უზრუნველვყოფთ წესრიგს ქვეყანაში. შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლები და შინაგანი ჯარების სამხედრო მოსამსახურეები საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ სპეცსაშუალებებსა და საბრძოლო იარაღს“ , – განაცხადა კაზაკევიჩმა.
“აიპიენი”