ამბავს, რომელსაც ახლა გიამბობთ, ბევრი ქართული ანდაზა შეესატყვისება, მაგალითად, „რაც ალხანა, ის ჩალხანა“, „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“, „ცოლ-ქმრის ჩხუბი, ბრიყვს ნამდვილი ეგონაო“ და ა.შ…
„ქართული ოცნება“ და „ნაცები“ რომ ყველი და პურივით უხდებიან ერთმანეთს, ეს 8-წლიანმა კოჰაბიტაციამაც ნათლად აჩვენა, მაგრამ სიტყვა კოჰაბიტაცია დედნიდან თარგმანში რომ ქალისა და მამაკაცის სექსუალურ თანაცხოვრებას გულისხმობს, ეს ბევრმა არ იცის!
ჰოდა, ამ 8 წლის განმავლობაში, ხან ცოლი ეჩხუბება ქმარს და ხანაც ქმარი ცოლს, ოღონდაც ეს კავშირი, ისევე როგორც კოჰაბიტაცია, ანუ თანაცხოვრება, კანონით არ არის რეგისტრირებული და მიდიიი, ჩხუბს რომ მორჩებიან და ბრიყვებს დააჯერებენ, აი, მაშინ იწყებენ თავდავიწყებას ხან ქვეყნის საზღვრებს გარეთ და ხანაც აქვე, ძვირადღირებულ რესტორნებსა თუ კაფეებში!
საერთოდ, შესაშური თანაცხოვრება აქვთ „ქოცებსა“ და „ნაცებს“ ბიზნესში, სახელმწიფო სტრუქტურებში, პარლამენტში და ყველგან, სადაც კი ფული იშოვნება!
პარლამენტში ერთმანეთს დახოცავენ, აგინებენ, ცხვირებს დაუსიებენ და მეორე დღეს, ისევ შეყვარებული მტრედებივით შეიყუჟებიან იმ სახლის სახურავის ქვეშ, რომელიც მათი საერთო სახლია და საიდანაც დაფრთიანდნენ!
ჰო, მათ თუ მათი წინაპრების ბიოგრაფიებს თვალს თუ გადავავლებთ, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით და როცა ხოშტარია კალაძეს მორცხვად აგინებს ვაკის რეაბილიტაციის გამო, მაშინვე ის უნდა გავიხსენოთ, რომ სწორედ ხოშტარიას ქმრის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა ვაკის მილანიზაციაში! ისევე როგორც, „ქართული ოცნების“ სახე მამუკა მდინარაძე მონაწილეობდა ზურაბ ადეიშვილის შავ-ბნელ საქმეებში! ისევე როგორც არჩილა თალაკვაძე იყო სანდრა რულოვსის ხელის ბიჭი! ისევე როგორც, ისევე როგორც და ა.შ…….
კოჰაბიტირებულები ხალხის გაღარიბების ხარჯზე მშვენივრად მოეწყვნენ თავიანთ ფეშენებლურ სახლებში, საბანკო ანგარიშებით უცხოეთშიც წყალში თევზებივით არიან, მათთვის კოვიდ 19-იც კი, შემოსავლის წყაროდ იქცა და ჰექტრობით ფულიც გააკეთეს რა მედიკამენტების გაძვირებით, რა პირბადეებით, რა თერმომეტრებისა თუ ხელის დასაბანი სპეც ხსნარებით და ათასი რამით! იზოლირებული მოქალაქეებიც თავიანთივე სასტუმროებში გადაიყვანეს საკარანტინოდ და როდემდე უნდა გააგრძელონ საკუთარი მადით ქვეყნის მართვა, უფალმა იცის…
ვიდეოში ხედავთ, თუ როგორ ეჟღურტულებიან ერთმანეთს მამუკა მდინარაძე, წილოსანი და კუჭავა – „ქართული ოცნებიდან“! მათთან ერთად ილხენს ირაკლი აბესაძეც – „ევროპული საქართველოდან“ და ეს იცით, რა დროს ხდებააა?
აი ბიძინას რომ ამერიკელები თითს უქნევდნენ, დემოკრატია არ გივარგა, დახვეწეო და „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ევრონაცები“ ამის გამო ერთმანეთს რომ დედას აგინებდნენ პარლამენტში!!! ანუ პარლამენტში კი ხოცავდნენ ერთმანეთს საზოგადოების დასანახად, მაგრამ სინამდვილეში, იმავე საღამოს ,,ჟუჟუნა წვიმას,, ერთად მღეროდნენ და ბოლო სტროფს – „ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამა“-ო, განსაკუთრებული რიხით გაჰკიოდნენ!
საერთოდ, იქნებ ვინმემ მითხრას ვიდეოში ასახულ კვარტეტს, ოდესმე რამე სარგებელი მოუტანია საქართველოსთვის?
რატომ გადაწყვიტა ადამიანთა ერთმა ჯგუფმა ის, რომ ეს უვარგისები პარლამენტში უნდა ისხდნენ, მაღალი ანაზღაურება მიიღონ, უფრო შეავსონ საკუთარი ოჯახის ბიუჯეტი და იმავდროულად თვალებში ნაცარიც უხვად უნდა გვაყარონ?!
როდემდე უნდა გაგრძელდეს როდემდეე?
ანდა, ვინც მათ წინააღმდეგ რამეს იტყვის, მაშინვე რატომ აკერებენ ნაცების თუ ქოცების იარლიყს და რუსეთუმეობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, შეახსენებ მათ ნამოქმედარ ავ საქმეებს და ,,უჰ, ეგ რუსული ნარატივი, ოკუპანტებისგან არის შემოგდებულიო?“
რა არის რუსული, ახლა გავხსნი ფრჩხილებს და ძვირფასო მკითხველო, ყურადღებით წაიკითხეთ…
2003 წლის 20 ნოემბერს სააკაშვილის გამზრდელმა ბიძამ, კგბ-ს წიაღში გაზრდილ-დავაჟკაცებულმა მზვერავ-დიპლომატმა ალასანიამ მოსკოვში სპეცდავალების შესასრულებლად აფრინა მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კემულარია;
კოტე კემულარია ჩასვლისთანავე დაუკავშირდა საქართველოს ყოფილ უშიშროების მინისტრს, იგორ გიორგაძეს და მისი მეშვეობით ქ. მოსკოვში ოსტოჟენკას ქუჩაზე, საქართველოს ყოფილ საკონსულოს შენობაში განთავსებულ რესტორან “გენაცვალე”-ს მფლობელს , ახალგაზრდობის მეგობარ ბუბა ქებურიას და გადასცა ალასანიას დავალებანი;
რესტორან “გენაცვალეს” მფლობელი ბუბა ქებურია ოპერატიულად დაუკავშირდა მის მეგობარსა და ე.წ. „მფარველს” , რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მაშინდელ მინისტრს სერგეი ივანოვს და საქართველოს საკითხზე კონფიდენციალური საუბრისთვის მისსავე რესტორანში მიიწვია მეორე დღისთვის…
2003 წლის 22 ნოემბერს მოსკოვში, ოსტოჟენკაზე, რესტორან „გენაცვალე”-ში სადილად შეიკრიბნენ კემულარია, ბუბა ქებურია (მასპინძელი), რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი , რომელთაც მოგვიანებით შეუერთდათ დედით ქართველი იგორ ივანოვი – მაშინდელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
განიხილეს ერთი საკითხი- ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება საქართველოში; მიზეზი – არსებული ხელისუფლების რუსეთის ორბიტიდან საბოლოოდ გასვლის უსერიოზულესი საფრთხე ნატო-ს პრაღის 2002 წლის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის შევარდნაძის მიერ საქართველოს “ნატო”-ში გაწევრიანებისთვის ოფიციალური განაცხადის გაკეთების გამო.
შეკრებილებს კემულარიამ გადასცა თემურ ალასანიას და მისი დისშვილის სააკაშვილის დანაბარები და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოში რუსული პოლიტიკის გატარებისთვის გაცემული გარანტიები წერილობით და ზეპირი სახით.
ხანმოკლე სადილის შემდეგ ორივე ივანოვი დახურული კავშირით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ამ საუბრის შემდეგ გადაწყდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის საქართველოში სასწრაფოდ გამგზავრება შევარდნაძის და მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საშუამავლო მისიით. იგორ ივანოვის გასამგზავრებლად გარდა მისი მაშინდელი თანამდებობისა, იმანაც ითამაშა გადამწყვეტი როლი, რომ ედუარდ შევარდნაძის სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში ის იყო შევარდნაძის სამდივნოს უფროსი ხუთი წლის მანძილზე.
თბილისში ივანოვის გაგზავნის გადაწყვეტილების მიღებიდან ზუსტად სამ საათში დომოდედოვოს აეროპორტიდან თბილისისკენ გაფრინდა სპეცრეისით თვითმფრინავი, რომლის ბორტზედაც იგორ ივანოვთან, მისი პერსონალური დაცვის წევრებთან, ასკაციან სპეცდანიშნულების რაზმ “ალფა”-სთან ერთად იმყოფებოდა კოტე კემულარია, იგორ გიორგაძე და რესტორან „გენაცვალე”-ს მფლობელ ბუბა ქებურიას სიმამრი თორნიკე კოპალეიშვილი ( თბილისში მაშინ მშენებარე სასტუმრო “ამბასადორი”-ს ქებურიასთან ერთად თანამფლობელი და სასტუმრო “კოპალა”-სა და ამავე დასახელების საგამოფენო გალერეას მფლობელი).
იგორ ივანოვის თბილისში ვიზიტის, მისი პარლამენტის შენობა-კრწანისის რეზიდენცია – ბათუმი-ს ტრაექტორიაზე ე.წ. ” მაქოსებური დიპლომატიის” შედეგი ყველამ ვიცით …
ყველამ ვიცით ამ პროცესების შემდგომი განვითარების შესახებაც და საქართველოსთვის გამანადგურებელი შედეგების შესახებაც, რომელიც ზუსტად იმ პოლიტიკამ გამოიწვია, რომლის გარანტირებულად შესრულების პირობაც ალასანია-სააკაშვილ-ბურჯანაძე-ჟვანიამ მისცეს ივანოვებსა და პუტინს ქებურიასა და კემულარიას შუამავლობით…
… ერთი საინტერესო შტრიხი კიდევ:
– ბატონი თორნიკე კოპალეიშვილის რძალი ( ვაჟიშვილის მეუღლე) იმ დროს უკვე გახლდათ ქალბატონი ხატია დეკანოიძე, შემდგომში უკვე საქართველოს განათლების მინისტრი და შეთავსებით მიხეილ სააკაშვილის ძმის ცოლი, რომელსაც თორნიკე კოპალეიშვილის აწ გარდაცვლილი ვაჟისგან ჰყავს დღეს უკვე სრულწლოვანი ვაჟიშვილი…
– რატომ მოვყევი ეს ყველაფერი?!
რატომ და, აი , ამ ისტორიის ერთ-ერთი პერსონაჟი, ვინმე ხატია დეკანოიძე დღეს მთელი დღე გაჰყვირის ქართულ მედია-სივრცეში, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას კრემლთან და რუსულ სპეცსამსახურებთან აქვთ კავშირი და ის ყბადაღებული „გარეჯის რუკა” საქართველოს ხელისუფლებას კრემლმა გადასცაო!!!
თქვე მართლა კრემლის ბინძურ ქვეშაგებზე შექმნილო მოღალატეებო, როგორ ბედავთ საერთოდ ხმის ამოღებას და იმის მტკიცებას, რომ საქართველოს ერთადერთი ხსნა თქვენშიაა?
ანდა ათენში ჩათრეული თქვენი მთავარი ჯალათი სააკაშვილი, მასთან მისულ ოპონენტ ემიგრანტებს ცრემლსადენი გაზით რომ გაუმასპინძლდა, ეგ არის ტყუილი თუ ის, რომ სწორედაც თქვენ ხართ პუტინის მთავარი დასაყრდენი ძალა საქართველოში და თქვენს მიერ შემოყრილი რუსული ბიზნესები, სულს ხდიან გადამხდელუუნარო საქართველოს მოსახლეობას ხან გაზის და ხსნაც დენისა და წყალის გათიშვით?!
იქნებ გგონიათ, მხოლოდ თქვენ იცით თქვენი ბიოგრაფიების შავბნელი კულუარები?
მეც ვიცი და არ მოგაკლებთ, ვიდრე ცოცხალი ვარ!
მივმართავ საქართველოს მთავრობას!
არამხოლოდ დავით გარეჯის, არამედ აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზების გამოძიებაც დაიწყეთ და ეს მოღალატეები დროზე მოაშორეთ პოლიტიკურ სივრცეს, თორემ კიდევ დიდხანს თუ გაგიტკბათ მათთან ერთ სარეცელში კოტრიალი, თქვენც იგივე ბედს გაიზიარებთ და დაიხსომეთ ეს!!!
ირინე გოგოსაშვილი, ალია №37