მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე კარტოგრაფების საქმის ბრალდებულებს – ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ბოდიშს უხდის.
ეპისკოპოსის თქმით, მისთვის მიუღებელია რიგითი მღვდლების საუბარი ამ საქმეზე, მაშინ როდესაც სინოდის წევრიც ვერ გაერკვა, რა ხდება რეალურად.
“როცა მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება და თქვეს, რომ ველოდებით, გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ხალხს, ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო. მე ვერ გავერკვიე რა ხდება. როცა წმინდა სინოდის წევრმა არ ვიცი რა ხდება და ამავდროულად საქართველოს ეკლესიის რიგითი სასულიერო პირი, რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია. ვინაიდან 2014 წელს – რატომ დუმდნენ 6 წლის განმავლობაში?” – განაცხადა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა.
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გაუგებარია, რა დანაშულისთვის არის დაკავებული.
“ქალბატონი ნატალიას სიტყვებს მოვიყვან დასტურად: “ყოველ წამს მგონია, რომ კარი გაიღება, შემოვა ვინმე და ბოდიშს მომიხდის ამ დანაშაულის გამო, რომ დღეს მე ვარ აქ და დავტოვებ ამ დაწესებულებას”, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ცურტაველმა მიტროპოლიტმა (ტიტულარული) ვახტანგმაც. როგორც სასულიერო პირმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისი აზრით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა “ქვეყანას ემსახურებოდნენ და არ შეიძლება ასე გავწიროთ ვიღაცების უაზრო გაუაზრებელი მითითებით”.
სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების” საქმეზე დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.
პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და, შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.
ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
წყარო: report.ge