გიორგი გახარია: ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ყველაზე დიდი მიზანია

„საქართველოს წარმატება, პირველი რიგში, განისაზღვრება მისი რეგიონების წარმატებით და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას.

 

მისი თქმით, ვერ განვითარდება საქართველო სრულფასოვნად, თუ არ აღდგა ტერიტორიული მთლიანობა და ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობიანი გზის გარეშე.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გამარჯვება იყოს ღირსეული და სამართლიანი. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. ჩვენ, ერთადერთი, რაც გვინდა ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, არის ის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. არაფერი არ გავაკეთოთ ისეთი, რაც ოდნავ მაინც რაიმე ეჭვის ქვეშ დააყენებს ჩვენს ღირსეულ და სამართლიან გამარჯვებას,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა.

“წყარო”