“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, თბილისში, სადაც ეპიდემიის ყველაზე დიდი კერაა, სტუდენტების ჩაყვანა და შემდეგ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ხელისუფლების მორიგი მავნებლობა და თაღლითობაა.
როგორც უგულავამ განაცხადა, ეს პირდაპირ არჩევნებს უკავშირდება, რადგან ახალგაზრდები ხელისუფლებას მხარს არ უჭერენ.
„ბატონმა გახარიამ და განათლების მინისტრმა, რომლის სახელიც არავის ახსოვდა, ზედმეტსახელად „ექვთიმეს“ უწოდებს ყველა, მორიგი თაღლითობა ჩაიდინეს, რომელსაც „კოვიდ თაღლითობას“ დავარქმევდი. გამოცხადებული ჰქონდათ, რომ სწავლა იწყებოდა 19 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რექტორი, ლექტორი, არასამთავრობოები, პარტიები მოვუწოდებდით, სიცხადე შეეტანათ ამ საკითხში, მათ 18 ოქტომბერს, საღამოს გაავრცელეს განცხადება, როდესაც დაახლოებით 50 ათასი სტუდენტი უკვე თბილისშია ჩასული. მათ მხოლოდ ახლა უთხრეს, რომ სწავლა ისევ დისტანციური იქნება. პრაქტიკულად, თბილისში ტყუილად ჩაიყვანეს. ეს არის მავნებლობაც, თაღლითობაც და პირდაპირ უკავშირდება არჩევნებს, რადგან მათ კარგად იციან, რომ ახალგაზრდები მხარს არ უჭერენ. რეალურად, მოწყვიტეს ისინი რეგისტრაციის ადგილიდან და თავშეყრა გაუკეთეს თბილისში, ოღონდ სწავლა აღარ დაიწყონ იმ იმედით, რომ ეს ხალხი არ დაბრუნდება 31 ოქტომბერს და მათ წინააღმდეგ არ მისცემს ხმას. ამას ჰქვია საარჩევნო თაღლითობა. ამავე დროს, ეს არის ძალიან სახიფათო და სარისკო, ამდენი სტუდენტი ჩაიყვანო ეპიდვითარების ყველაზე მძიმე ეპიცენტრში-თბილისში ისე, რომ სწავლაც არ დაიწყო“, – განაცხადა უგულავამ.
ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები 31 ოქტომბერს თავის რეგისტრაციის ადგილას დაბრუნდებიან და არჩევნებზე ოპოზიციას მისცემენ ხმას. უგულავას შეფასებით, ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან თაღლითობა და მავნებლობაა.
„სწორედ ამის გამო არის, რომ ადამიანებს მთავრობის არც ერთი რეგულაციის აღარ სჯერათ. ზუსტად ამის გამო არის, რომ დღეს ჩვენ ეპიდვითარების აფეთქება გვაქვს, რომლისაც აღარავის აღარ სჯერა. პირველი დღიდან გახარია, ივანიშვილი და ეს მთავრობა ეპიდემიას იყენებდა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ახლა პრაქტიკულად გაწირეს ახალგაზრდები და მოატყუეს. ისინი მათ დასჯიან იმ თვალთმაქცობის, თაღლითობის გამო, რომელიც გუშინ ჩაიდინეს“, – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება, სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები კი, დისტანციურად გაგრძელდება.
“ინტერპრესნიუსი”