„ჩიტაზი“, რომელიც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგად „პრო 16“-ს (PRO 16) მიღმა დარჩა, რადგან სხვა სამხრეთ აფრიკული კლუბით ჩანაცვლდა, ასპარეზობის გაგრძელებას რუსეთის, ან ამერიკის შეერთებული შტატების ტურნირებზე აპირებს.
აღნიშნულ ინფორმაციას პოპულარული ვებგვერდი „სარურაგბიმაგი“ (sarurugbymag.com) ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ „პრო 16“-ში მონაწილეობას „ბულზი“, „ლაიონსი“, „შარკსი“ და „შტორმერზი“ მიიღებენ. შესაბამისად, დაზარალდნენ „ჩიტაზი“ და „კინგსი“, რომლებიც ტურნირზე 2017 წლიდან ასპარეზობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრი სტეიტის რაგბის კავშირი უკვე სხვადასხვა სამომავლო ვარიანტებს განიხილავს. როგორც ამბობენ, მათ ორი რეალური შანსი აქვთ – რუსეთის სარაგბო პრემიერლიგა, ან ამერიკის შეერთებული შტატების პროფესიონალური გათამაშება. კლუბს ორივე შემთხვევაში ადგილობრივი სპონსორების სრული მხარდაჭერა ექნება.
„ჩიტაზი“ საკითხზე დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაავრცელებს. რუსეთის სარაგბო „პრემიერლიგაში“ გამოსვლის შემთხვევაში, მათ სამომავლოდ რანგით მეორე ევროპულ ტურნირ „ჩელენჯ ქაფზე“ (Challenge Cup) მონაწილეობის შანსი მიეცემათ.