რა წერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით. გამოკითხვის ოქმი, რომელიც რეზონანსული საქმის მასალებშია ჩართული, „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
ოქმში ზურაბ ნოღაიდელი დეტალურად იხსნებს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელსაც ის პრემიერ-მინისტრის სტატუსით ესწრებოდა და სადაც მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ დავით-გარეჯის იყო.
როგორც ნოღაიდელი ამბობს, ამ სხდომაზე დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ წარადგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე ამბობდა, რომ დავით-გარეჯში შემავალი ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერები საზღვრების დადგენის შემდეგ, აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა და ეს საკითხი სადავო კომისიის არც ერთ წევრს არ გაუხდია.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები კომისიაზე არ დაუსვამს თავად უშიშროების საბჭოს მაშინდელ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს.
ზურაბ ნოღაიდელი ამავე ოქმში საუბრობს იმაზე, რომ მისთვის გასაკვირია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი განცხადებები დავით-გარეჯთან დაკავშირებით.
„სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა შესაბამისმა პირმა, რომლის ვინაობას ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ სადელიმიტაციო კომისიას წარმოადგენდა და, სავარაუდოდ, ამ კომისიის თავმჯდომარე იყო, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად განაცხადა, რომ დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსში შემავალი ზემოაღნიშნული მონასტრები, იმ დრიოსათვის ჩვენ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტითა და შესაბამისი რუკების საფუძველზე, მთლიანად რჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს. საკითხის მომხსენებელმა ცალსახად განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი და რუკა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა ამ ფაქტს.
ამ გარემოებებზე დაყრდნობით, იმავე უშიშროების საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე აღნიშნული მონასტრები ჩვენს ტერიტორიაზე არ შემოდიოდა და საზღვრის დადგენის შემდეგ დარჩებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გვეზრუნა მათი რეკონსტრუქციისა და ქართულ ქრისტიანულ სალოცავად შენარჩუნებისათვის.
უშიშროების საბჭოს აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე – საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს სხდომაზე იღებდა მისი თავმჯდომარე – საქართველოს პრეზიდენტი და ამ სხდომაზეც, რასაკვირველია, იგივე მოხდა. რაც შეეხება თქვენ მიერ წარმოდგენილ წერილს, იგი ასახავს მაშინდელ ვითარებას და იმ დროისათვის ხელისუფლებაში არსებულ უპირობო კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი, აზერბაიჯანის მხარეზე იყო და ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა მათი რესტავრაცია და ქრისტიანულ სალოცავებად ამოქმედება-განახლება. ამდენად, წარმოდგენილი წერილი სრულად გამოხატავს უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და მისი აღსრულების ნაწილად უნდა იქნეს განხილული. თუმცა, აქვე მინდა მივუთითო, რომ აღნიშნული წერილი ვერანაირ შემთხვევაში ვერ გახდება, საქართველოს მიერ ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე უარის თქმის საფუძველი“, – წერია ოქმში.
კითხვაზე: ვინ მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ სხდომაზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მონასტრების რეაბილიტაციაზე?
პასუხი ასეთია: „გადაწყვეტილება მიღებული იქნა პრეზიდენტის მიერ. მინდა დავაზუსტო, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არა მხოლოდ სალოცავების რეაბილიტაციაზე, არამედ იმის შესახებაც, რომ გვეზრუნა, რათა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ სამონასტრო კომპლექსს ქართული-ქრისტიანული სალოცავების სტატუსი შეენარჩუნებინა“.
„კითხვა: როცა საკითხის მომხსენებელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განახცადა, რომ დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსში შემავალი ზემოაღნიშნული მონასტრები, იმ დრიოსათვის არსებული ყველა დოკუმენტითა და შესაბამისი რუკების საფუძველზე, მთლიანად რჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა თუ არა განხილვა სხდომაზე, დოკუმენტების მოთხოვნა, ამ საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, თუ იგი მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე?
პასუხი: როგორც ვიხსენებ, დასმულ საკითხს მოჰყვა განხილვა, მაგრამ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნის საკითხი არ დასმულა. უშიშროების საბჭოს რომელი წევრები მონაწილეობდნენ დისკუსიაში, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიცია განხილვისას არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია. როდესაც დღეს მედიით ვისმენ საპირისპირო განცხადებებს, პირველ რიგში საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის და წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან, რომ თურმე ყველა მასალა ხელთ ჰქონდათ და არაფრის დათმობას არ აპირებდნენ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მიკვირს, რადგან ეს განცხადებები დიამეტრალურად განსხვავდება იმ გაბატონებული აზრისგან, რაც ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს არსებობდა ხელისუფლებაში და საჯაროდაც ცხადდებოდა მისი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან“, – წერია გამოკითხვის ოქმში.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
წყარო: guriismoambe.com