სახელმწიფო უნდა იყოს ან ლიბერალური, ან სოციალური- ლიბერალიზმი & საქართველოს კონსტიტუცია

 

ლიბერალიზმი & საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ პოლიტიკური იდეოლოგიის შინაარს, რომლის საფუძვლებზეც, ეს კონსტიტუციაა დაწერილი.

 

შევეცდები ავხსნა.

კონსტიტუცია იწყება სიტყვებით-
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო”.

მუხლი 4, პუნქტი 1. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო.

მუხლი 5, პუნქტი 1. საქართველო არის სოციალური სახელმწიფო.
პუნქტი 2. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე.

მუხლი 6. პუნქტი 1. ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. პუნქტი 2. სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.

აქ საინტერესოა შემდეგი სიტყვები:
“ეკონომიკური თავისუფლება” და
“სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო”.

თუ კონსტიტუცია აღიარებს “ეკონომიკურ თავისუფლებას”, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია აღიარებს ე.წ. ლიბერალურ წესრიგს, (ლიბერალიზმს) ლიბერალიზმი კი, მისი სწორი განმარტებით, თვითონვე, ძირშივე გამორიცხავს ყოველგვარ “სოციალურსაც”, “სამართლებრივსაც” და “სახელმწიფოსაც”.

ლიბერალური იდოლოგია, ზოგადი, ფართო და სწორი გაგებით- გამორიცხავს სახელმწიფოს ყოველგვარ სოციალურ პასუხისმგებლობას, შესაბამისად მას (სახელმწიფოს) ვერ “მოვთხოვთ” რომ ის იყოს სამართლიანი- ეს შეუძლებელია.

რაც შეეხება ლიბერალური სახელმწიფოს პასუხისმგებლობას- ის უზრუნველყოფს ე.წ. თანაბარ შესაძლებლობებს, ანუ აღმოფხვრას ყოველგვარი დისკრიმინიაცია, ეს იქნება ე.წ. გენდერის, ეთნიკურ თუ რასობრივ პრინციპებით. ლიბერალური იდეოლოგიის პასუხისმგებლობა აქ მთავრდება, დანარჩენი კი “თავისუფალმა ბაზარმა უნდა დაარეგულიროს”. მორჩა, ამიტომ, ყოველგვარი მონოლოგები ჩვენი პოლიტიკოსების მხრიდან, რომ მათი “მიზანია ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის დამკვირდება”, წმინდა წყლის დემოგოგიაა, იმიტომ რომ ქვეყნის ძირითადი კანონი აგებულია ურთიერთგამომრიცხავ პოსტულატებზე.

იქ სადაც ეკონომიკური თავისუფლებაა,(ბაზარი არეგულირებს) ანუ ლიბერალიზმი, გამორიცხულია სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება.

რაც შეეხება “სახელმწიფოს”, ჩვენს კონსტიტუციაში, ლამისაა ყოველი მეორე სიტყვა არის- “სახელმწიფო”, არადა, როგორც ვთქვი, კონსტიტუცია და შესაბამისად სახელმწიფოც, ლიბერალურ იდეოლოგიაზე და პრინციებზეა აგებული, მეცნიერ წრეებში კი, ლიბერალიზმი, სახელმწიფოს უმთავრესი “მტერია”, ის მის განადგურებაზეა ორიენტირებული. მისი მიზანია, რომ “ბაზარმა ჩაანაცვლოს პოლიტიკა”(სახელმწიფო). სხვათა შორის ლიბერალური იდეოლოგიის ყველაზე გამორჩეული აპოლოგეტი-ფრენსის ფუკიამა თავის წიგნში-“ისტორიის დასასრული”, ამაზე პირდაპირ საუბრობს. ის ამბობს, რომ “უკვე აღარ არსებობს არც პოლიტიკა, არც ისტორია, იმიტომ რომ ბაზარმა ჩაანაცვლა პოლიტიკა, არ არსებობს არც რაიმე დიადი მიზანი, ამოცანები, ერები, სახელმწიფოები. ლიბერალიზმის უმთავრესი დანიშნულებაა, დააკმაყოფილოს მსოფლიო სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნილებები”. აქედან გამომდინარე, თუ ლიბერალიზმს ვეუბნებით კის, მაშინ სახელმწიფოს ვეუბნებით არას. ამიტომაც, ჩვენს კონსტიტუციაში ამ სიტყვის წარამარა გამოყენება-იაფფასიანი პოპულიზმია, რომლისგანაც გამოშიგნულია ამ სიტყვის ყოველგვარი შინაარსი თუ განმარტება. ლიბერალიზმში, სახელმწიფო არავის სჭირდება. ის თუ ჯერ კიდევ არსებობს, ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

ასე რომ ჩვენ ან ერთი უნდა ავირჩიოთ, ან მეორე- ორივე ერთად სრული უაზრობაა.

სახელმწიფო უნდა იყოს ან ლიბერალური, ან სოციალური, ჩვენ არც ერთი გვაქვს, არც მეორე, თვით ქვეყნის უმთავრესი კანონი გამორიცხავს ამას.

კონსტიტუციაც შესაცვლელია, ძირფესვიანად!!!

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი      რევაზ კილასონია