რუსეთი უარყოფს აშშ-ის უსაფუძვლო ბრალდებებს კიბერშეტევების განხორციელებასთან დაკავშირებით

რუსეთი უარყოფს აშშ-ის უსაფუძვლო ბრალდებებს კიბერშეტევების განხორციელებასთან დაკავშირებით, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

 

„აშშ-ის ადმინისტრაციამ კვლავ გამოიჩინა თავი ანტირუსული გამოხდომით და ჩვენს სამთავრობო სტრუქტურებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში მავნე საქმიანობის განხორციელებაში ბრალი წაუყენა. კატეგორიულად ვუარყოფთ მსგავს ბრალდებებს. რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს ინტერნეტში მავნე საქმიანობასთან კავშირი არ აქვთ. ცხადია, რომ ამ ბრალდების უკან პოლიტიკური ხასიათის მოსაზრება დგას“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

19 ოქტომბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოს და სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით ჰაკერულ შეტევაში „გრუს“ ექვს ოფიცერს ბრალი წაუყენა.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აღნიშნეს, „გრუს“ჰაკერები კომპიუტერულ შეჭრასა და თავდასხმებში მონაწილეობდნენ, რითიც ხელს უწყობდნენ რუსეთის მთავრობის ძალისხმევას დესტაბილიზაცია მოეხდინათ უკრაინაში, საქართველოში, საფრანგეთში გამართულ არჩევნებში და 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მას შემდეგ, რაც რუს სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალათ თავიანთი ქვეყნის დროშის ქვეშ.

“იმედი”