ადამიანის თავში მეცნიერებმა აქამდე უცნობი ორგანო აღმოაჩინეს

მედიცინის მკვლევრებმა მოულოდნელი ანატომიური აღმოჩენა გააკეთეს — ადამიანის თავში იპოვეს სანერწყვე ჯირკვლების უცნაური წყება, რომელიც მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებს როგორღაც გამორჩათ.

 

„ამოუცნობი ობიექტი“ ნიდერლანდებში ექიმებმა შემთხვევით გამოავლინეს, როდესაც პროსტატის კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მოწინავე ტიპის სკანირებით, PSMA PET/CT-ით ამოწმებდნენ. როდესაც რადიოაქტიური გლუკოზის ინექციასთან ერთად იყენებენ, ეს სადიანგოსტიკო ხელსაწყომ სხეულში სიმსივნეებს წარმოაჩენს.

თუმცა, ამ შემთხვევაში მან სულ სხვა რამ გამოაჩინა — ცხვირ-ხახის უკანა ნაწილში მოთავსებული წარმონაქმნი.

„ადამიანს დიდი სანერწყვე ჯირკვლების სამი ნაკრები აქვს, მაგრამ არა აქ. რამდენადაც ვიცოდით, ცხვირ-ხახაში ერთადერთი სანერწყვე ჯირკვალია და ისიც მიკროსკოპულად პატარა, 1000-მდე ჯირკვალი კი თანაბრად არის გავრცელებული მთელ ლორწოვან გარსზე. შესაბამისად, წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც ამ აღმოჩენამდე მივედით“, — ამბობს ნიდერლანდების კიბოს ინსტიტუტის რადიაციული ონკოლოგი ვუტერ ვოგელი.

სანერწყვე ჯირკვლები აწარმოებს ნერწყვს, რომელიც აუცილებელია ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებისთვის; ამ სითხის უდიდეს ნაწილს წარმოქმნის სამი მთავარი სანერწყვე ჯირკვალი — ყურის მიმდებარე ჯირკვალი, ქვედა ყბისქვეშა ჯირკვალი და ენისქვეშა ჯირკვალი.

ასევე გვაქვს დაახლოებით 1000 სხვა მცირე სანერწყვე ჯირკვალი, რომლებიც მთელ პირის ღრუსა და სასუნთქ-მომნელებელ ტრაქტშია მიმოფანტული, მაგრამ იმდენად პატარებია, რომ მიკროსკოპის გარეშე არც ჩანს.

ვოგელის ჯგუფის მიერ აღმოჩენილი ჯირკვალი გაცილებით დიდია და წარმოადგენს ამ დრომდე გამორჩენილ ჯირკვალთა წყვილს — როგორც ჩანს, ეს გახლავთ მთავარ სანერწყვე ჯირკვალთა მეოთხე წყვილი, რომელიც ცხვირის უკან და სასის მაღლაა მოთავსებული, ადამიანის თავის ცენტრთან ახლოს.

„როგორც ჩანს, ახლად გამოვლენილ ორ ზონას სანერწყვე ჯირკვალთა სხვა მახასიათებლებიც აქვს; ჩვენ მათ ტუბარიული ჯირკვლები ვუწოდეთ“, — ამბობს კვლევის პირველი ავტორი, ამსტერდამის უნივერსიტეტის ორალური ქირურგი მეტიჯის ვალსტარი.

PSMA PET/CT-ით სკანირებისას ტუბარიული ჯირკვლების არსებობა კვლევის ფარგლებში შესწავლილ 100 ადამიანში დადასტურდა. იდუმალი ორმხრივი სტრუქტურა დადასტურდა ორი ცხედრის კვლევის დროსაც, გამოვლინდა მიკროსკოპული სადრენაჟო არხიც, რომელიც ყელ-ცხვირის კედლის მიმართულებით იხსნება.

„ეს სტრუქტურა არ ჯდება აქამდე არსებულ ანატომიურ აღწერებში“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, არსებობდა ჰიპოთეზა, რომ ამ ზონაში შეიძლება ყოფილიყო დიდი ოდენობით სეროზულ-ლორწოვანი აცინი, რომელსაც ფიზიოლოგიური როლი უნდა ჰქონდეს ცხვირ-ხახა/პირ-ხახის გაპოხვასა და ყლაპვაში.

იმ ფაქტს, რომ ეს ჯირკვლები ამ დრომდე ვერ გამოავლინეს, მეცნიერები იმით ხსნიან, რომ ისინი განთავსებულია ძნელად მისადგომ ანატომიურ ადგილას, თავის ქალის ფუძის ქვეშ, რაც მათ ენდოსკოპიურად გამოვლენას ართულებს. მათივე თქმით, შეიძლება შეგვენიშნა მათი სადინარების ხვრელები, მაგრამ დიდი ჯირკვლების სისტემის ნაწილად ჩაგვეთვალა.

გარდა ამისა, სტრუქტურა ვიზუალიზაციის ახალმა ტექნოლოგია PSMA-PET/CT-მა დააფიქსირა, რომელსაც გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ისეთ ტექნოლოგიებს, როგორებიც არის ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკვლევართა ჯგუფი აღიარებს, რომ აღმოჩენის საბოლოოდ დადსტურებისთვის საჭიროა უფრო დიდი კვლევა უფრო მეტ ადამიანზე. ამავე დროს, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს აღმოჩენა კიდევ ერთ ისეთ სამიზნეს გვთავაზობს, რომელსაც კიბოს პაციენტების სხივური თერაპიით მკურნალობისას არ უნდა შევეხოთ, რადგან სანერწყვე ჯირკვლები ამ თერაპიის მიმართ ძალზე მგრძნობიარეა.

აღმოჩენას მხარს უჭერს პირველადი კვლევაც, რომელიც სხივური თერაპიით მკურნალობის პროცესში მყოფ 723 პაციენტზე ჩატარდა. ირკვევა, რომ ტუბარიული ჯირკვლების რეგიონისკენ მიმართულმა სხივებმა პაციენტებში უფრო დიდი გართულებები გამოიწვია.

კვლევა ჟურნალ Radiotherapy and Oncology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

“1არხი”