კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებული თავდასსხმა მოწმობს, რომ სისტემა სერიოზულ კრიზისშია და ქვეყანაში კრიმინალის შემთხვევებმა იმატა. როგორც ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც ყველა სფეროშია, მათ შორის დანაშაულის ზრდის კუთხით.

„კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა. ხელისუფლება ამბობს, რომ დაგეგმა წარმატებული სპეცოპერაცია და უმსხვერპლოდ გაანთავისუფლა მძევლები. რომელია სიმართლე? ორივე სწორია. პოლიციელი, რომელიც დამატებით მძევლად აიყვანა ტერორისტმა, ქების ღირსია. ექსცესების გარეშე დაამთავრა ოპერაცია. ვისაც უფროსობა ფულის მიტანას დაავალებდა, ყველა ამ დღეში აღმოჩნდებოდა, ანუ სიცოცხლის რისკის ქვეშ ერთი მხრივ და სახელის და დიდების -მეორე მხრივ. მომხდარი ფაქტის მთლიანი სურათი რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, რომ დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნებით. ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს. ჰოდა, ამათ ხელში, რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ. ეს უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ანუ არჩევნებზე. ვახდენ თუ არა კონკრეტული დანაშაულის, ”რომელიც ყველგან შეიძლება მომხდარიყო” პოლიტიზებას? დიახ. ეს არაა მხოლოდ კრიმინალური საქმე, ესაა პოლიტიკურიც, რადგან ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია ის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის შექმნილი ყველა სფეროში, მათ შორის დანაშაულის (აგერ უკვე ეგზოტიკურისაც) ზრდის კუთხითაც“,-წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს – მისცეს თანხა, გამოუყვეს ვერტმფრენი და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი, მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.

 

“ინტერპრესნიუსი”