ექსპერტი მამუკა არეშიძე აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობის საკითხში საქართველოს პოზიციაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის რეგიონალურად მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე, უნდა ეცადოს, თავისი პარტნიორების ინტერესის ჭიდილში არ ჩაებას.
„რაც შეეხება საქართველოზე გავლენას უსაფრთხოების თვალსაზრისით, არ არის გამორიცხული, რომ ლტოლვილთა ახალი ნაკადები გაჩნდეს სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, საქართველოს მიმართულებით.
პოლიტიკური კუთხით კი ეს პროცესი ნიშნავს დაპირისპირებას საქართველოს პოლიტიკურ პარტნიორებს – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის. საერთოდ, რეგიონალური მასშტაბით ახალი პოლიტიკური სურათის შექმნის მცდელობები გაჩნდება სხვადასხვა მხრიდან, ეს კი აუცილებლად აისახება საქართველოს პოლიტიკაზე. რთულია, როცა შენი პარტნიორები ერთმანეთთან დაძაბულ მდგომარეობაში არიან და შენ აქედან მშრალი გამოხვიდე.
საქართველოს არ აქვს უფლება პოზაში დგომა დაიწყოს. ის იძულებულია, რომ ამ სიტუაციაში მაქსიმალურად მოქნილად იმოქმედოს, რადგან საქართველო არ არის რეგიონალურად მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე. აქედან გამომდინარე, უნდა ეცადოს, რომ თავისი პარტნიორების ინტერესების ჭიდილში არ ჩაებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა კულუარულად მწვანე შუქი აუნთო თურქეთს, ახლა ისეთი განცხადებებით გამოდის, რომ თურქეთმა უნდა შეაჩეროს თავისი მოქმედებები. საქართველოს მართებს მაქსიმალურად მოზომილი და მოქნილი პოლიტიკის გატარება ამ ვითარებაში“- განაცხადა არეშიძემ.
10 ოქტომბერს თურქეთის ჯარმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში ქურთების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო თავდასხმა განახორციელეს. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების მიზანი ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარებაა.