ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების სახაროვის პრემია ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების სახაროვის პრემია ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა.

 

„ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო, რომ ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ქალები და კაცები 2020 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატები არიან. მათ მხარეს ის არის, რასაც უხეში ძალა ვერასდროს დაამარცხებს. ეს სიმართლეა“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონია ევროპარლამენტში 16 დეკემბერს გაიმართება.

ადამიანის უფლებების სახაროვის პრემია ევროპარლამენტმა 1988 წელს დააწესა და იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს გადაეცემა, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს იცავენ.

23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა , რომლის შესახებ მანამდე არაფერი იყო ცნობილი. ღონისძიებას ასობით ბელარუსი საჯარო მოხელე დაესწრო. ცერემონიის კადრები ადგილობრივ მედიაში მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდეგ გავრცელდა. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიმ კი თავი ბელარუსის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად გამოაცხადა.

ევროკავშირმა ბელარუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.