ვინ ახდენდა პატრიარქის დეზინფორმირებას დავით-გარეჯის მონასტრის მოლაპარაკებების შესახებ?!

საქინფორმი, 23 ოქტომბერი, 2020. თავიდანვე ვაცხადებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა, ჩვენი აზრით, კომპეტენტურად აწარმოებს გამოძიებას, ამიტომ იმ პირთა წრე, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია 2006-2007 წლებში აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობაზე, სავარაუდოდ გაფართოვდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას უკვე გამოკითხულმა პირებმა, მაგალითად – აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ 2019 წლის მაისიდან დღემდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის ბევრ კითხვას იწვევს.

არსებული ინფორმაციის ანალიზი საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს არა სამსახურებრივ დაუდევრობასთან, ან არაპროფესიონალიზმთან, არამედ პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის მხარის ჩინოვნიკებს შორის კორუფციულ გარიგებასთან, რაც ოფიციალურ ბაქოს საეჭვოა სცოდნოდა. ასევე გამორიცხული არ არის, რომ აზერბაიჯანის ოფიციალური პირები უნებლიედ მონაწილეობდნენ კორუფციაში – ანუ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 13 მონაკვეთი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან ერთად (სულ – 3 500 ჰექტარი) პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველი და აზერბაიჯანელი საზოგადოებისთვის უცნობ „სიკეთეებზე“ გაცვალა. ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი თანათავმჯდომარე ივერი მელაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩევა, რომლებსაც დღეს ოფიციალურად ადანაშაულებენ “სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში” (308-ე მუხლის 1 ნაწილი – “საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა”) მხოლოდ შემსრულებლები არიან. ვინც გასცა ბრძანება 1938 წლის 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის ამოღებისა და უფრო მცირემასშტაბიანი რუკების 1: 500 000 გამოყენების შესახებ, რომლებიც 1970-80 წლებში გამოიცა, გამოძიება დაადგენს.

ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმი” გამორიცხავს, რომ ძალოვანი სტრუქტურების – შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს – ყოფილი ხელმძღვანელები, რომლებიც შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობდნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს, ამ საკითხზე არ ფლობდნენ სრულ ინფორმაციას, ამიტომ ისინი უნდა დაიკითხონ (თუნდაც ისინი, ვინც დღეს საქართველოშია და უცხოეთში არ იმალება).

ასევე დიდია ალბათობა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილიას მეორეს, დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს, რაც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. გამორიცხულია, რომ ილია მეორემ 2006 წლიდან დღემდე არ დაინტერესებულიყო – ვის და რატომ გადასცა კომისიამ ქართული მიწები მე-VI საუკუნის ქართული მართლმადიდებლური სიწმინდესთან – დავით გარეჯის მოქმედი სამონასტრო კომპლექსთან ერთად, რომელიც საქართველოს მხრიდან მიუწდომელი გახდა.

„საქინფორმს“ არ აქვს ინფორმაცია, იყო თუ არა კომისიის წევრებს შორის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ან ვინ იყო ის საკონტაქტო პირი, რომელიც ვალდებული იყო ეცნობებინა კათოლიკოს – პატრიარქისთვის აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობის შესახებ.

„საქინფორმი“ გამოთქვამს ვერსიას, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, რომელიც საპატრიარქოში აზერბაიჯანულ – თურქულ „მიმართულებას“ კურირებს, ამიტომ, დიდი ალბათობით, ფლობს ინფორმაციას დავით გარეჯის მონასტრის აზერბაიჯანული მხარისთვის უკანონოდ გადაცემის შესახებ.