შემდეგი რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება – ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მორიგ საგანგაშო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, უახლოეს თვეებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ვითარება ძალიან რთული იქნება.

“ჩვენ ვდგავართ პანდემიის კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. შემდეგი რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება. ზოგიერთი ქვეყანა ძალიან სახიფათო ტრაექტორიაზეა. ბევრი სახელმწიფო შეეჯახა დაავადების მკვეთრ ზრდას, რაც უახლოეს მომავალში ჯანდაცვის სისტემის რესურსების მალე ამოწურვას გამოიწვევს,” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ამ დროისთვის კვლავ მზარდია სტატისტიკა ევროპაში. საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. ესპანეთის პრემიერი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში COVID-19-ის  შემთხვევების რეალური მაჩვენებელი სამ მილიონს აღწევს.

10 ათასს გადააჭარბა გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ. რთული ვითარებაა პოლონეთშიც, ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით პოლონეთის მთელი ტერიტორია დღეიდან წითელი ზონად გამოცხადდა. კორონავირუსი დაუდასტურდა პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას. რთული ეპიდ-ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 85 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა.

 

“რუსთავი2”