ჩემი წასვლა არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის პოსტიდან წასვლის შესახებ ირაკლი ლექვინაძე სოციალურ ქსელში წერს.
ლექვინაძის განმარტებით, თანამდებობიდან გადადგომა ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება.
„გეტყვით, რომ 22-თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300-ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68%- ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.
პ.ს. მინდა აქვე განვაცხადო, რომ ჩემი პოზიციდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება,“ – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი ბიზნესომბუდსმენი.
ირაკლი ლექვინაძე მადლობას უხდის ყველა ბიზნესკომპანიას და ბიზნესასოციაციას, რომელიც 22 თვის განმავლობაში მას ნდობას და მხარდაჭერას უცხადებდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესკომპანიებს და ბიზნესასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლბისთვის და მხარდაჭერისთვის; მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის; მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის. მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის! მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ლექვინაძე.
შეგახსენებთ, ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან კალანდაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 8 ნოემბერს დაწერეს.