გიორგი ვოლსკი – რა ინტერესი უნდა ჰქონდეს მმართველ პარტიას, რომ გააყალბოს არჩევნები!?

ცესკომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ დაფიქსირდნენ ადამიანები, რომელთაც საარჩევნო უბნებთან მისვლა არ შეუძლიათ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი ცესკოს გადაწყვეტილებაზე გააკეთა.

„ცესკომ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რომ დაფიქსირდნენ ადამიანები, ვისაც არ შეუძლიათ საარჩევნო უბნებთან მისვლა. ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, უბედურების ფონზე მიმდინარეობს ეს საარჩევნო პროცესი. რა ინტერესი უნდა ჰქონდეს მმართველ პარტიას, გააყალბოს არჩევნები?! მით უმეტეს, აშკარაა, ვინ ითხოვს არჩევნების გადადებას და აშკარაა ისიც, ვინ თხოულობს რევოლუციური სცენარით პროცესების განვითარებას.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, უზრუნველყოს სტაბილური გარემო და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნები. არავითარი საშუალება არავის არ უნდა ჰქონდეს, არა თუ გააყალბოს, არამედ ეჭვი შეიტანოს არჩვენების სამართლიანობაში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიამ (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართა თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.

წყარო: itv.ge