თეა წულუკიანი – “ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც ის სწორედ იმ ხალხთან მივიდა”…

“ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც ის სწორედ იმ ხალხთან მივიდა წყენის გამოსახატავად, რომელმაც მისივე მონაწილეობით რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა” – ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სოსო ჯაჭვლიანზე საუბრისას განაცხადა.

როგორც წულუკიანი ამბობს, მას იმედი აქვს, რომ სოსო ჯაჭვლიანს წყენა გადაუვლის და ის სხვანაირად ილაპარაკებს.

„არ მგონია, რომ ბატონი სოსო ჩემთვის შორეული ადამიანია, პიროვნულ ნოტაზე ვსაუბრობ და არა მხოლოდ პოლიტიკურად. ძალიან სამწუხარო სანახაობა იყო, როდესაც ის სწორედ იმ ხალხთან მივიდა წყენის გამოსახატავად, რომელმაც მისივე მონაწილეობით რუსთაველზე აქცია ისე დაარბია, რომ სისხლის გუბეები იდგა და ასეთ ხალხთან მას მოუნდა, რომ მისი ხვაშიადი გამოეფინა საჯაროდ. მე მინახავს სვანი კაცები, თუმცა ამდენი ემოცია არავისში მინახავს. როგორც ჩანს, ის არის ნაწყენი და იმედი მაქვს გადაუვლის ეს წყენა და სხვანაირად ისაუბრებს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ სოსო ჯაჭვლიანმა “მთავარის” ეთერში განაცხადა, რომ მან “ქართული ოცნება” დატოვა.

“ამ წუთიდან მე “ქართული ოცნების” წევრი აღარ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასდროს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა აუცილებლად წავიდეს” – აღნიშნა სოსო ჯაჭვლიანმა.

წყარო: ptn.ge