შესაძლოა “ქართული ოცნების” რიგები დეპუტატებმა დატოვონ. მათ შორის არიან დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მკაცრად ეწინააღმდეგებიან. ისინი საკუთარ პოზიციაში დარწმუნებულები არიან და ამტკიცებენ, რომ უმრავლესობის სხდომაზე მათ გადარწმუნებას ვერ შეძლებენ. დეპუტატების თქმით, ზეწოლის შემთხვევაში ისინი მზად არიან “ქართული ოცნება” და დეპუტატის მანდატი დატოვონ.
მაჟორიტარი დეპუტატები შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულით ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლითაც იმუქრება.
“ამ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან, რომლის ძირითადი ნაწილი არის დესტრუქციული მე ამ რისკზე ვერ წავალ და ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი არასწორი გადაწყვეტილებით ქვეყანა შევიყვანო ქაოსში. ჩემი მყარი პოზიციის შეცვლას ვერავინ შეძლებს, თუ შეძლებს ე.ი არ ვყოფილვარ ძლიერი დეპუტატი და სუსტ დეპუტატს არ სჭირდება პარლამენტში მანდატი და სავარძელი, თუ ვინმე ამას შეძლებს, მე, რა თქმა უნდა, მანდატს ჩაგაბარებთ თქვენ,” – განაცხადა მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ.
დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი არც გუნდურობის პრინციპის დაცვით არ აპირებს კანონპროექტის მხარდაჭერას და აცხადებს, რომ ზეწოლის შემთხვევაში დეპუტატის მანდატს დატოვებს
“თუ ვინმე შეეცდება, რომ პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა განახორციელოს ჩემს აზრზე, მაგალითად აი, გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და გინდა თუ არა მე უნდა დავუჭირო პროპორციულ არჩევნებს მხარი, ამ შემთხვევაში მზად ვარ დავტოვო უმრავლესობა და საქართველოს პარლამენტის მანდატი,”- აღნიშნა შიოლაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატები ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.