გამოიკვეთა კამპანიური სახის მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით

ცესკო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურად დაინტერესებული ზოგიერთი მხარე ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისთვის ხელშეშლას და დისკრედიტაციას ცდილობს.

„ბოლო დღეებში გამოიკვეთა კამპანიური სახის მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საარჩევნო გარემოს დაზიანების მიზნით. კერძოდ, დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით პოლიტიკურად დაინტერესებული ზოგიერთი მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისთვის ხელშეშლას და დისკრედიტაციას. გაცნობებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციური უფლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში.

სწორედ აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო სტაციონალურ-სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ყველა ჯგუფის ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები. დადგენილების შემუშავების პროცესი გამჭვირვალედ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობდა და მისაღებ გადაწყვეტილებაზე მხოლოდ სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შენიშვნები, რომელთა დიდი ნაწილი აისახა საბოლოო გადაწყვეტილებაში.

დადგენილების თანახმად თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ გადასატანი საარჩევნო ყუთით იმ შემთხვევაში თუ ისინი იქნებოდნენ შესაბამისი უწყების მიერ მოწოდებულ სიებში და იმავდროულად კენჭისყრის დღისთვის იქნებოდნენ თვითიზოლაციაში.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა 27 ოქტომბრის 14:00 – საათამდე, ხოლო მოქალაქეთა აქტიური მომართვიანობის გამო ზარებს იღებდა 18:00-საათამდე. გამოყენებულ იქნა ყველა საინფორმაციო საშუალება, რომლითაც ცესკომ უზრუნველყო ამომრჩევლების ინფორმირება, მაგრამ მიუხედავად ამ დაუღალავი შრომისა და საქმიანობისა არ წყდება ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლა და ამას აქვს კამპანიური ხელშეშლის სახე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ვართ გადასულები, რის მიხედვითაც ვახორციელებთ ორგანიზებას ადმინისტრირებას და ყველა სხვა ლოგისტიკური საკითხის ორგანიზებას, ზუსტად ამ დროს შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები, არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა ჩართულ მხარეს, ვინც მიუკერძოებლობის პრინციპის, პროფესიული სტანდარტისა, ეთიკის ნორმების დაცვით ახორციელებს თავის საქმიანობას, აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას და აგვარიდებს არაზუსტი საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში.

ამასთანავე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩვენ სულ რამდენიმე წუთის წინ შევთავაზეთ ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანების „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, რაზეც მათ კატეგორიული უარი განაცხადეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის ნებისმიერი თანამშრომლობისთვის და ნებისმიერი ღია ფორმატისთვის”, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

“ინტერპრესნიუსი”