განქორწინება მეტად რთული საკითხია ოჯახის ყველა წევრისთვის, თუმცა ყველაზე მძიმედ ის ბავშვებს გადააქვთ. მათ ხშირად უჭირთ იმის გაცნობიერება, თუ რატომ შორდებიან დედა და მამა, რატომ აღარ შეუძლია ერთად ცხოვრება… საქართველოში განქორწინების შემდეგ ბავშვის მიკუთვნების საკითხი ინდივიდუალურად წყდება და მშობელთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი მოქმედებს. მიუხედავად ამისა, ბავშვს უმეტესად დედას აკუთვნებენ ხოლმე და მამა კვირის განმავლობაში მხოლოდ 2 დღე აქვს მისი წაყვანის უფლება. ბავშვის ნახვის უფლებით შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის სხვა წევრებიც, მათ შორის, ბებია და ბანუა…
როგორ წყდება განქორწინების დროს ბავშვის მიკუთვნების საკითხი? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საადვოკატო ბიურო OK&CG-ის იურისტი დავით მუმლაძე საუბრობს.
განქორწინების დროს ბავშვის მეურვეობა ავტომატურად გადაეცემა დედას?
მშობელთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ეროვნული კანონმდებლობა არ ადგენს რაიმე წესს, რომ ბავშვმა ავტომატურად რომელიმე მშობელთან უნდა იცხოვროს. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება მშობლეთა უფლებას წარმოადგენს, მათი შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი საკითხის გადაჭრა სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც უპირატესია მშობლის სუვერენულ უფლებასთან მიმართებაში.
რა შემთხვევაში იღებს მეურვეობას მამა?
ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მამასთან სასამართლომ შეიძლება გადაწყვიტოს იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და სასამართლო დაადგენს, რომ შვილების ინტერესები ამ ფორმით საუკეთესოდ იქნება დაცული. ცალსახა უნდა იყოს ბავშვის მამასთან ცხოვრება ხელს შეუწყობს ჰარმონიულ გარემოში მის აღზრდა-განვითარებას და კეთილდღეობას.
როგორ დგება დღეების რაოდენობა, როდესაც ბავშვის წაყვანა შეუძლია იმ მშობელს, რომელთანაც ის არ ცხოვრობს?
კონკრეტული წესი, თუ რა პერიოდულობით უნდა ქონდეს მეორე მშობელს შვილთან ურთიერთობის შესაძლებლობა კანონმდებლობით არ არის რეგულირებული. სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად სხვა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ბავშვის ასაკი, მისი დატვირთულობა (სკოლა;ბაღი;წრე), ბავშვის მიჯაჭვულობა მშობელთან, დავის წარმოშობამდე მშობლისა და ბავშვის ურთიერთობის ფორმა, ბავშვის სურვილი და მისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.
რა უფლებები აქვთ ბებია-პაპასა და სხვა ნათესავებს?
პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე. სხვა ნათესავების სასარგებლოდ ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
როგორ წყდება ალიმენტის საკითხი და მისი ოდენობა?
არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი მშობლების მხრიდან მანიპულირებისგან? მან უნდა იაროს თუ არა სასამართლოებზე? ვინ არის ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ბავშვის ფსიქიკაზე?
კანონმდებლობის მიხედვით თითოეული ბავშვის უფლება ამ თვალსაზრისით დაცულია და არცერთ მშობელს არ აქვს ბავშვზე მანიპულირების შესაძლებლობა. მშობლები, ისევე როგორც ბავშვის საკითხებზე მომუშავე, ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა საჭირო ზომა ამ ფაქტის თავიდან ასაცილებლად და ბავშვის უფლებების ეფექტიანი დაცვისა და მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად პრევენციული ღონისძიებების გატარება მოახდინონ იმ სახით, რომელიც კონკრეტული შემთხვევის სპეციკიფის გათვალისწინებით იქნება ყველაზე ეფექტური საშუალება. ბავშვს უფლება აქვს სასამართლო პროცესში მონაწილეობა მიიღოს უშუალოდ ან/და თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს, როგორც ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი, ასევე მის მიერ არჩეული სხვა საპროცესო წარმომადგენელი. ბავშვის ფსიქიკაზე პასუხისმეგებელ სუბიექტს წარმოადგენს ყველა ის პირი, რომლის არამართლზომიერმა ქმედებამ შესაძლოა დააზიანოს ბავშვის ფსიქიკა და უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
რა შემთხვევაში შეუძლია მშობელს, რომ მეორე მშობელს ბავშვის ნახვა აუკრძალოს? სასამართლო რა ფაქტორების გათვალისწინებით იღებს ამ გადაწყვეტილებას და რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე?
თუ მშობელთან შვილის ურთიერთობა შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ბავშვისთვის და უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მშობელი ვისთან ერთადაც ცხოვრობს არასრულწლოვანი, უფლებამოსილია მეორე მშობელს აუკრძალოს ბავშვის ნახვა. ანალოგიური სტანდარტით ხელმძღვანელობს სასამართლო ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას. რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს, დავის წარმოშობამდე მშობლისა და შვილის ურთიერთობის ისტორიას, არსებობის შემთხვევაში ფაქტებს მშობლის მხრიდან შვილზე განხორციელებული ფიზიკური ან / და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, მშობლის დამოკიდებულებას ნარკოტიკული საშუალებების და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების მიმართ, ბავშვის მოსაზრებას, პროცესში ჩართული ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის პოზიციას, ასევე ყველა იმ ფაქტორს, რომელიც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ამ საკითხზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. საოჯახო დავები საკმაოდ ხშირია და ჩვენ ბიურო მსგავსი კატეგორიის არაერთ დავაში მონაწილეობს.
წყარო: ambebi.ge