ცნობილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, გამოუსწორებელ „რუსეთუმედ“ შერაცხული ვალერი კვარაცხელია ვარაუდობს, რომ „არჩევნებს არეულობა მოჰყვება – ეს გარდაუვალია“. იგი ამტკიცებს, რომ ამერიკამ „ბიძინას დასაკლავი დანა თვითონვე აალესინა. საქართველო გლობალური სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა, ხოლო საზოგადოება მრავალი ნიშნითაა გახლეჩილი და დაქსაქსული“…
ვერ შევედავები. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და წინასაარჩევნო ისტერია ნამდვილად ქმნის წინაპირობებს სიტუაციის ასარევად, რომელიც თუ დროზე არ აღიკვეთა (თუ ადეკვატური ზომები არ გატარდა), კატასტროფულ შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს!
მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ეპიდაფეთქების ფონზე, რომელსაც ისედაც დაუძლურებული და უკიდურესად გაღატაკებული მოსახლეობის უმრავლესობა ვერ გაუმკლავდება.
დაბეჯითებით ვერც იმას დაამტკიცებ, რომელი ეპიდემიაა უფრო საშიში – „ნაციონალურ-რევანშისტული“ თუ კოვიდ-19, რომელმაც მთელი სამყარო ლამის დააჩოქა!
ვალერი კვარაცხელიას პროგნოზი, რომ საქართველოში სიტუაცია აუცილებლად აირევა, უპირატესად ემყარება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ შოკისმომგვრელ ინტერვიუს „ქართუ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტთან უსაფრთხოების საკითხებში, სპეცსამსახურების მიერ გაწრთვნილ ელდარ გოგოლაძესთან.
კვარაცხელია მიიჩნევს და სამართლიანადაც, რომ „მისი (ელდარ გოგოლაძის“) ხელით აშშ- სპეცსამსახურებმა ივანიშვილს მძიმე დარტყმა მიაყენეს, რათა მან იგრძნოს, რომ საქართველოში ცვლილებების დროა, თუ არადა, რევოლუცია და მისი ჯანი“.
ზემოხსენებულ ინტერვიუს ქვევით დავუბრუნდები, ახლა კი ვიტყვი, რომ რევოლუციის მომწიფებას საზოგადოების მნიშნელოვანი ნაწილის შინაგანი მზაობა სჭირდება. ძნელი სათქმელია, შეასრულებს თუ არა ელდარ გოგოლაძის „აღსარება“ (რომელიც საკმაოდ მძიმე ბრალდებებითაა შეკოწიწებული), რევოლუციური აღტკინების ფუნქციას. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ეს არის ე.წ. „ციხის კადრების“ თითქმის ტოლფასი ავანტიურა – იმ კადრების, რომელსაც 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლება შეეწირა, იმ განსხვავებით, რომ მაშინ რევოლუციურ (ძალადობრივ) სცენარზე საუბარი არ ყოფილა.
* * *
რადგან, სიტყვა „რევოლუცია“ ვახსენე, მინდა მოვიხმო ჩემი მეგობრის, მწერლისა და პოლიტიკოსის, ორგზის პარლამენტარის, ბ-ნ ბესიკ ლაგვილავას გუშინდელი ფრიად დამაფიქრებელი ფეისბუქსტატუსი, სადაც იგი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი ხმას არ მისცემს „ქართულ ოცნებას“, რადგან, მან ვერ მოიგო ახალგაზრდების გული!
ბ-ნი ბესიკი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდების ხმები „ნაციონალების“ ყულაბაში აღმოჩნდება ოდიოზური „გირჩის“ გავლით, რადგან, სწორედ „გირჩს“ აქვს ის იდეოლოგია, რომელიც თანამედროვე ახალგაზრდებისთვისაა მისაღები (იგულისხმება რადიკალურად ლიბერალური იდეოლოგია).
სტატუსის ავტორი უფრო შორსაც მიდის და აკონკრეტებს, რომ ეს იქნება ახალგაზრდების პროტესტი „ქართული ოცნების“ მიმართ – ისინი „გირჩს“ (იგივე „ნაციონალებს“) მხარს დაუჭერენ ხელისუფლების ჯი-ნა-ზე!
ბატონი ბესიკი მიგვანიშნებს, რომ წინასაარჩევნოდ აჩრდილი დადის საქართველოში – აჩრდილი რევოლუციისა და ღმერთმა ნუ ქნას, რევოლუციური ცეცხლი დაინთოს, „ისინი (ახალგაზრდები) მზად არიან რევილუციისთვის“… „ამიტომ, არავის ვურჩევ არჩევნების გაყალბებას“ – გვაფრთხილებს სტატუსის ავტორი.
მიუხედავად იმისა, რომ მე და ბატონი ბესიკი თანამოაზრეები ვართ ბევრ საკითხში, აქ არ (ვერ) დავეთანხმები – ახალგაზრდებს ნაკლებად, ან საერთოდ არ აინტერესებთ პოლიტიკა. რაც შეეხება „გირჩისადმი“ ახალგაზრდების ნაწილის სიმპათიებს, ამის მიზეზზე უკვე ვისაუბრე.
საკმაოდ დამაფიქრებელია ბოლო სიტყვები. სწორედ არჩევნების გაყალბების ბრალდება (რომელსაც წინასწარ აანონსებენ „ნაციონალები“ და მისი განაყოფები) იქნება ის მუხტი (მიზეზი), რომელმაც მოქმედებაში უნდა მოიყვანოს რევოლუციური სცენარი!
არ ვიცი, აპირებს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება არჩევნების ტოტალურ გაყალბებას, მაგრამ „ნაციონალების“ მხრიდან ვერდიქტი წინასწარაა გამოტანილი (ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს!) და რევოლუციური სცენარიც მისხალ-მისახლ აწონილ-დაწონილია…
* * *
ძალიან მიმძიმდა, მაგრამ, მაინც ბოლომდე ვუყურე ნიკა გვარამიას არაორდინალურ ინტერვიუ-დაკითხვას ელდარ გოგოლაძესთან. მიმძიმდა იმდენად, რამდენადაც წინასწარ ვიცოდი, რომ „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, საკუთარი სურვილით არ მივიდოდა „მთავარში“ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. გუმანით იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს იქნებოდა ე.წ. „ციხის კადრების“ მსგავსი მანიპულირება არჩევნების წინ, ოღონდ, სათანადო არგუმენტებისა და ვიდეო-კადრების გარეშე!
ბ-ნმა ელდარმა უზადოდ დახატა ქართველი მილიარდერის ფსიქო-პორტრეტი და ამით პირდაპირ მიგვანიშნა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოშორდა ფორმალურ მმართველობას, ქვეყანა კატასტროფისკენ მიდის, რაც, მისი სიტყვებით, არ უნდა დავუშვათ.
ინტერვიუს შინაარსს არ მოვყვები. დარწმუნებული ვარ, გაძლიერებული ინტერესიდან გამომდინარე, მთელმა საქართველომ ნახა იგი, ამდენად, მოკლედ ვიტყვი: ე. გოგოლაძის დახასიათებით, ბიძინა ივანიშვილის სახით ხელთ შეგვრჩა ტიპიური რუსული პროექტი, რომელიც ღიად არ უპირისპირდება დასავლეთს და ამერიკას, მაგრამ მთელი რვა წლის მანძილზე რუსულ საქმეს აკეთებს! თან ხელში ჩაიგდო ქვეყნის მთელი რესურსები (ეს მისი სიტყვების პერეფრაზირებაა) და საქართველოს საკუთარ ჭკუაზე ატარებს!
ცალკე საუბრის თემაა გოგოლაძის მინიშნება ივანიშვილის ფსიქიკურ გაუწონასწორებლობაზე(!) და ამით მძიმე ფონის შექმნა, რომ ასეთი კაცის ხელშია დღეს საქართველო და მისი მომავალი!!!
მისი მტკიცებით, ივანიშვილი ზეეჭვიანია (პათოლოგიურად ეჭვიანია), უყვარს ჭორაობა, გუნდს აკოწიწებს „ლიფტიორებისა“ და „ახრანნიკებისგან“ (სხვათაშორის, დღევანდელ პარლამენტსა და მთავრობას თუ გადავხედავთ, არის ამ სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან, ძალიან ბევრი შემთხვევითი ადამიანია საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში), მეტიც, მისი თქმით, მას არ ჰყავს გუნდი, რომელსაც დაეყრდნობა… ყველას უთვალთვალებს, ხოლო, ადამიანებს არჩევს მონური პრინციპით. თვლის, რომ ყველაფერი იცის და ამდენად, შეუვალია საკუთარ გადაწყვეტილებებში…
ამ ფონზე, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, „ბრალმდებელი“ ივანიშვილის დადებით რესურსსაც (ძლიერ მხარესაც) უსვამს ხაზს და ამტკიცებს, რომ იგი გამჭრიახია, აქვს ბიზნესის კეთების ნიჭი. სხვა საკითხია, რა გზით და რა მეთოდებით!
ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც ივანიშვილის პოლიტიკით დაინტერესების გოგოლაძისეული ვერსიებია. სხვათაშორის, მაგრამ, საჩოთიროდ მეჩვენა გოგოლაძის განცხადება, რომ ივანიშვილი ჯერ კიდევ 2003 წლის დეკემბერში აპირებდა პოლიტიკაში შემოსვლას და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სადაც საბრძოლო რინგზე სააკაშვილი, თურმე, 80/20-ზე უნდა დაემარცხებინა! თუ ეს რეალობაა, მაშინ ივანიშვილის სახით არაპრაგმატულად მოაზროვნე მილიარდერთან გვაქვს საქმე, რადგან, რევოლუციური აღტკინების ორი თვის თავზე სააკაშვილს ბუშიც კი ვერ დაამარცხებდა! თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკაში შემოსვლის სურვილი გულში მაინც ჰქონოდა…
თუ ფაქტებით ვიმსჯელებთ, ივანიშვილი საჭირო დროს შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში – მის პირველ პოლიტიკურ განცხადებას 2011 წლის ოქტომბერში, რომელიც შოკისმომგვრელი იყო საზოგადოებისთვის, წინ უსწრებდა 2007 წლის ნოემბერი და 2011 წლის მაისი, რომელმაც ბოლომდე გააშიშვლა „ნაციონალური“ რეჟიმის ნამდვილი სახე!
რომ არა საზოგადოების მზაობა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა მოეშორებინა 8-წლიანი ჯოჯოხეთური რეჟიმი, ეჭვგარეშეა, ივანიშვილი პოლიტიკაში ვერ (არ) შემოვიდოდა. აქ კი ნამდვილად ჩანს მისი პრაგმატული აზროვნებაც და მოქმედებაც!
სხვა საკითხია, რამდენად გაამართლა ივანიშვილმა ხალხის იმედები, რამდენად შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები, კერძოდ, საზოგადოების მთავარი დაკვეთა – გაესამართლებინა „ნაციონალური“ რეჟიმი, როგორც ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული პოლიტიკური ძალა.
ფაქტი ერთია: როგორც ვალერი კვარაცხელია ამბობს, მან იმდენი ქნა, რომ „დასაკლავი დანა თვითონვე აალესინა“, ანუ არასწორი საკადრო პოლიტიკით, ძალოვან სტრუქტურებში ადეიშვილისა და მერაბიშვილის კადრების მაქსიმალურად შენარჩუნებით, მამალი „ნაციონალების“ „ქართულ ოცნებაში“ პორტირებით, მიიღო ის, რა დილემის წინაშეც აღმოჩნდა დღეს – ხელისუფლებაში მოსვლიდან მესამე საპარლამენტო არჩევნების წინ!
წინასწარ ძნელია იმის პროგნოზირება, რა იქნება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და რა ბედი ელის ბიძინა ივანიშვილს, გაითვალისწინებს თუ არა იგი ელდარ გოგოლაძის რჩევას – აამოქმედოს თვითგადარჩენის ინსტინქტი, „დაანებოს თავი პოლიტიკას, გამოიძახოს „გაზპრომის“ კუთვნილი „ფალკომი“ და არჩევნებამდე გაასწროს საქართველოდან, რომ „სახალხო რისხვას“ (ეს გვარამიას სიტყვებია) თავი აარიდოს!
თუმცა, ეს არ არის მთავარი – მთავარია, რისთვის არის მზად ხალხი (იგულისხმება, უმრავლესობა და არა მარტო „ნაციონალებისა“ და მათი ანასხლეტების მხარდამჭერები), არის თუ არა საზოგადოებაში რევოლუციური აღტკინება და მისცემს თუ არა დესტრუქციულ ძალებს უფლებას არიონ სიტუაცია ქვეყანაში, რის შემდეგაც დიდი ალბათობაა იმისა, რომ არეულობა სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს!
მრავალგზის მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: 31 ოქტომბრის არჩევნები პოლიტიკურად არსებითად არაფერს არ ცვლის ქვეყანაში, რადგან, განსხვავებული პოლიტიკური ძალების ფორმირებაზე და ხელისუფლებაში მოყვანაზე საზოგადოებას არ უზრუნია. არც ის არის არსებითი, რამდენ პროცენტს მიიღებს „ქართული ოცნება“ ან მასთან ასოცირებული „პატრიოტთა ალიანსი“, ან დღის წესრიგში დადგება თუ არა კოალიციური მთავრობის მცდელობა…
P.S. შესავალში ვწერდი, მიმძიმდა იმ ინტერვიუ-დაკითხვის ბოლომდე ყურება-მეთქი! დიახ, მიმძიმდა ორი მომენტის გამო: ჯერ ერთი, ჩემთვის ამაზრზენია ასეთი „აღსარებების“ მოსმენა. მეორეც, თუ ბიძინა ივანიშვილი ასეთი საშიში იყო საქართველოსთვის, 8 წელი რას ელოდებოდა ის ოჯახაშენებული – თავზე უნდა დაგვქცეოდა ქვეყანა?!
-პუბლიცისტი-