ფონოგრამა შეეშალათ, ჩვენთვის მოულოდნელი იყო, თმები ყალყზე დამიდგა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ აქცია-კონცერტზე ბუბა კიკაბიძის მიერ რუსულად ნამღერ „თბილისოსთან“ დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, „თბილისოს“ რუსულად შესრულება არ იყო დაგეგმილი.
„სცენასთან ვიდექი და მეც გამიკვირდა. ფონოგრამა შეეშალათ. ადამიანმა თქვა, შემეშალა ფონოგრამაო. მე არ მინერვიულია, მაგრამ ბატონმა ბუბამ ინერვიულა. აშკარად არ იყო დაგეგმილი. შეეშალა ფონოგრამა და აღიარა ადამიანმა. სამწუხაროა, მაგრამ ბუბა კიკაბიძეს ეპატიება ეს. ბევრჯერ გაუხარებია მილიონობით ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ყაზახი, ქართველი, რუსი თუ სხვა. ბევრი აპოლიტიკური ადამიანი გაუხარებია. ჩვენთვის მოულოდნელი იყო. თმები ყალყზე დამიდგა“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.