რას აპირებს ივანიშვილი ძველ იპოდრომთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში შექმნილ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და მთაწმინდის ფერდის გამწვანების უნიკალური პროექტზე გაამახვილა ყურადღება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პროექტზე მისი მეგობარი მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე მუშაობს. თუმცა, სანამ „კომერსანტი“ მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტზე დამატებით დეტალებს გაგაცნობთ, მანამდე გეტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილებაში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე – იპოდრომია. მედია ჰოლდინგი დაინტერესდა ხომ არ გეგმავს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მთაწმინდის ფერდის გამწვანების პარალელურად, მის საკუთრებაში არსებული მიტოვებული რეკრეაციული სივრცის მოწყობას?

„იპოდრომთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანი ფიქრობს და მგონი რაღაცას ამზადებს. ვიცი, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე არსებული გამწვანება დარჩება, ხოლო განადგურებული ნაწილი აღდგება. წინა პერიოდში გასხვისებულმა ტერიტორიამ დაანგრია იპოდრომი, თორემ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში რა ტერიტორიაცაა, ის ამ დრომდე ხელუხლებელია. ამ ადგილზე ხელის ხლება როგორ შეიძლებოდა, ეს არის თბილისის გული. ქალაქის ფილტვები იყო და გულზე ვარ გახეთქილი დღეს არსებული სიტუაციით, ყველგან რაღაცას აშენებენ, ამას ბოლო უნდა მოვუღოთ ესე არ შეიძლება, რადგან თბილისი არის ხეობა და ამ ზოლის დაცვას ითხოვს . იქ აშენებული ესტაკადის გამო იპოდრომის ტერიტორია გახდა ყველაზე დაბინძურებული ადგილი. ამ ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა შეწყვეტილიყო, მაგრამ დააქუცმაცეს ეს ადგილები და ეს ფრაგმენტაცია არის დამღუპველი ყველასთვის“, – განმარტავს თემურ ტყემალაძე

 

წყარო : “კომერსანტი”