დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე საარჩევნო უბანზე უკვე მივიდა. მან საკუთარი არჩევანი შვილთან ერთად დააფიქსირა.
როგორც ხმის მიცემის შემდეგ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევანი გააკეთა წარმატებულ საქართველოზე, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას.
„ის რომ 55-60%-ის ფარგლებში მივიღებთ მხარდაჭერას, ამის საფუძველს მაძლევს ხალხის განწყობა და დამოკიდებულება. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ რეგიონში, ყველა ქალაქში ვიმყოფებოდით საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდით და ის განწყობები, რაც არის ჩვენი გუნდის მიმართ, გვაძლევს ამის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურების გარეშე გავიმარჯვოთ. ასევე, ამის საფუძველს მაძლევს ის კვლევები, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიაში გაშუქდა, თუმცა ეს არ არის მთავარი, მთვარი არის საზოგადოების განწყობა, დამოკიდებულება. მე გუშინ აღვნიშნე, რომ ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც აქვს ხედვა, თუ როგორ განავითაროს, როგორ შეინარჩუნოს სტაბილურობა, მშვიდობა და მაოხერხოს ქვეყნის განვითარება ეკონომიკურად სწრაფად, ეს არის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“,- განაცხადა კალაძემ.
კალაძე კოალიციის შექმნას გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დიდი მხარდაჭერა აქვს.
„კოალიციის მთავრობა იქმნება მაშინ, როცა 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა გაქვს. დღეს ამის აუცილებლობა ქვეყანაში არ დგას. ყველა ოლქში არის იმის დიდი შესაძლებლობა და ალბათობა, რომ პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები, მათ შორის გლდანშიც. მთავარია აქტიურობა. რაც შეეხება დარღვევებს, არანაირი კარუსელი არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება – დესტრუქციული და რადიკალური პოლიტიკური ძალები შეეცდებიან გარკვეული არეულობის შემოტანას, მაგრამ ვაფრთხილებ ყველას, არავის არაფერი გამოუვა. ვინც რაიმე არასწორ ქმედებას გაბედავს, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა კალაძემ.
“ინტერპრესნიუსი”