საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს.
როგორც სააკაშვილი ამბობს, ყველაფერი „სუპერ გეგმის“ მიხედვით მიდის.
„მეგობრებო, ჯერჯერობით ყველაფერი მიდის სუპერ გეგმის მიხედვით. ახლა ესენი ყველაფერს შეეცდებიან, რადგან სრულად ნილწამხდრები არიან. ასეთი დაბალი სულისკვეთება არ გვქონია არც ერთ არჩევნებზე 2012 წლის ჩათვლით.
ახლა შეეცდებიან 5-6 საათის ჩათვლით ძალადობის აქტებს, ისიც თუ გამოუვიდათ, ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ. ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო.
ზუსტად მახსენებს ასლან აბაშიძის ბოლო ჟამს. სიმშვიდე, ორგანიზებულობა. ბოლომდე შესხდომა და მშვიდობიანი შეტევა ხელისუფლების წყნარი გადასვლის მიზნით. მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი, თუ ახლა სწორად ვიმოქმედებთ” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
წყარო: ptn.ge