ამერიკული გამოცემა “ფორბსი” იუწყება, რომ ყაზახური ფინთექ-პლატფორმა Kaspi-ს 2 დამაარსებელი ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ მილიარდერები გახდნენ. მათგან ერთი ქართველი, მიხეილ ლომთაძეა.
რა ვიცით კომპანიის საქმიანობის შესახებ, რომელმაც ლომთაძეს მილიარდები მოუტანა!?
კომპანია Kaspi ყაზახეთში ოპერირებს. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 18 მილიონს შეადგენს, ქართველი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც სესხების ბაზრის უდიდეს წილს, 32%-ს შეადგენს. კომპანიის მთავარი საქმიანობა ელექტრონული ფინანსური პროდუქტებისთვის (სესხები, გადასახადები) შესაბამისი პლატფორმის უზრუნველყოფას წარმოადგენს. პანდემიის გამო, Kaspi-ს პროდუქტების მოხმარებამ პიკს მიაღწია.
რა ვიცით თავად მიხეილ ლომთაძის შესახებ!?
მიხეილ ლომთაძე საქართველოში, 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. თბილისშივე აიღო ბაკალავრის ხარისხი, შემდეგ კი სწავლა აშშ-ში, ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო.
ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ლომთაძემ პირველი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. 2002 წელს მან კომპანია “ჯი-სი-ჯი აუდიტი” დააფუძნა, რომელსაც თავადვე მართავდა და მალევე შეუერთა ეს კომპანია მსოფლიოში ავტორიტეტულ აუდიტორიულ კომპანია “ერსტ ენდ იანგის”. ამის შემდეგ ლომთაძე საქმიანობას უკვე რუსეთში განაგრძობს და თანაც, ძალიან წარმატებით.
მიხეილ ლომთაძის, როგორც წარმატებული ბიზნესმენის კარიერა სწორედ რუსეთში, მოგვიანებით კი ყაზახეთში საქმიანობას უკავშირდება. ლომთაძე ჯერ კიდევ 2008 წელს იქცა ყაზახეთის ყველაზე წარმატებულ და მდიდარ ახალგაზრდა ფინანსისტად. საფინანსო სექტორში ის კონკურენტუნარიან კადრად ისეთმა მიმართულებებმა აქცია, როგორიცაა ვენჩურული ფონდები და რისკების მართვა, მაკროეკონომიკა და ფინანსური ბაზრის კარგად ცოდნა.
2009 წლისთვის მიხეილ ლომთაძე უკვე ყაზახეთში, “კასპი ბანკის” მმართველი ხდება. პრესისთვის მიცემული ინტერვიუსას ამბობს, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს “კასპი ბანკის” წარმატებულობაზე The Financial Times-ის მიერ მინიჭებული სტატუსიც მოწმობს. გავლენიანმა გამოცემამ “კასპი ბანკი” 2009 წლის საუკეთესო ყაზახურ ბანკად დაასახელა, რამაც ბანკის პრესტიჟი საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში მნიშვნელოვნად გაზარდა.
დღეისათვის, Kaspi პანდემიურ გარემოსთან შესაბამისი ადაპტირების წყალობით, კონკურენტებს მნიშვნელოვნად უსწრებს. 1 კვირის წინ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსების შემდეგ კი არამხოლოდ კომპანიის, არამედ მისი ფინანსური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა და შედეგად, მისი პარტნიორის, ვიაჩესლავ კიმის ქონება 2.5 მილიარდ დოლარად შეფასდა, ხოლო ლომთაძის, როგორც Kaspi-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და თანადამაარსებლის ქონება 2 მილიარდი დოლარია.
წყარო: ptn.ge