2019 წლის გაზაფხულზე იაპონიაში აკრძალვა მოეხსნა ისეთი ექსპერიმენტების ჩატარებას, რომელთა მიზანია ადამიანებისა და ცხოველების ჰიბრიდის შექმნა.
ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორ ხირომიცუ ნაკაუტისს, რომელმაც შეძლო ერთი ცხოველის უჯრედებიდან მეორე ცხოველის სხეულში ერთ–ერთი ორგანოს შექმნა, ოფიციალურად აცნობეს, რომ ნება დართეს, შეაჯვაროს ადამიანის ემბრიონი ცხოველისას.
აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანისა და ცხოველის ემბრიონის შეჯვარება უწინაც იყო ნებადართული, მაგრამ კატეგორიულად იკრძალებოდა მიღებული შედეგის დაბადების მომენტამდე მიყვანა. ამიერიდან ეს შეზღუდვა მოხსნილია.
ხირომიცუ ნაკაუტიმ უკვე გამოაცხადა, რომ აპირებს ადამიანის უჯრედების თაგვებისა და ვირთხების ემბრიონებში გაზრდას, შემდეგში ამ ჩანასახების სუროგატ ცხოველებში ტრანსპლანტაციას. მან აღნიშნა, რომ ცოცხალი ჰიბრიდის მიღება არ იქნება მისი უპირველესი მიზანი და ამოცანა.
ამჟამად იგი აპირებს 14,5 დღის ჰიბრიდის მოყვანა-მოშენებას, რათა ყველა ორგანო ჩამოყალიბდეს. ანალოგიური ექსპერიმენტები ჩატარდება ვირთხებზეც, მაგრამ მათი ჰიბრიდების განსავითარებლად 15,5 დღეა საჭირო. კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერს განზრახული აქვს, მიიღოს ნებართვა 70 დღის ღორის ჰიბრიდის გამოსაზრდელად.
“ამ მიმართულებით მუშაობა უნდა წარიმართოს ეტაპობრივად და ფრთხილად, რაც საშუალებას მოგვცემს, განუწყვეტლად გავმართოთ დიალოგი სკეპტიკურად დამუხტულ საზოგადოებასთან”, _ შენიშნა თეცუი ისიიმ, ხირომიცუ ნაკაუტის კოლეგამ.
ხირომიცუ ნაკაუტის ფრაზა რომ გავიმეოროთ, მისი ექსპერიმენტების მიზანია ადამიანის ორგანოების გამოზრდა ცხოველების ორგანიზმში, რათა მომავალში გამოიყენონ ადამიანის დაავადებული ორგანოების შესაცვლელად. პაციენტებს აღარ მოუწევთ რიგში დგომა დონორის მოლოდინში.