ქართული პოლიტიკა ქართულ განათლებას ძალიან ჰგავს და ეს არცაა გასაკვირი. როგორიც არის განათლება, ისეთივეა პოლიტიკაც და ამიტომ ყველაფერში ყველაფრის მცოდნეები ვართ.
ალბათ, მხოლოდ საქართველოში ხდება, რომ იურისტმა ეკონომიკაზე ისაუბროს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტმა _ საგზაო ინფრასტრუქტურაზე… მხოლოდ საქართველოში იცის ყველამ ფეხბურთი და პოლიტიკა, მაგრამ პარადოქსია _ ჩვენი ფეხბურთის შემხედვარე, “ფეხბურთის ექსპერტები” უცხოური ფეხბურთის ანალიზით არიან დაკავებულნი, ჩვენი პოლიტიკის შემხედვარე კი… მაინც ქართულ პოლიტიკაზე საუბრობენ. ჰო, ასეა აზელილი ყველაფერი ერთმანეთში, ვინ რისი ექსპერტია, ვერ გაიგებ და ვერც იმას ვხვდებით და დიდი ხნის განმავლობაში ვერ მივხვდებით, რომ, თუ ადამიანი ერთ სფეროში 3-4 წლის განმავლობაში მუშაობდა, არ ნიშნავს, რომ ამ სფეროს ექსპერტია. ძალიან მარტივად ვანიჭებთ ექსპერტების სტატუსს. ბოლო პერიოდში 22 და 23 წლის ექსპერტებიც გამოჩდნენ _ ადამიანები, რომლებმაც ორი წიგნი (კარგი, სამი იყოს) წაიკითხეს და თავს ექსპერტობაზე დებენ.
ცოტა შორიდან კი მოვუარეთ, მაგრამ, როგორც მაისში, ივნისსა და ივლისში ვწერდით, ხორბლის ფასი აუცილებლად მოიმატებდა და ქვეყანა, რომლიდანაც ხორბალი შემოგვაქვს, ამ უმნიშვნელოვანეს მარცვლეულს გააძვირებდა. მერე ისე მოხდა, რომ პანდემიის ფონზე ყველა “სტრატეგიულმა პარტნიორმა” თუ “მეგობარმა” უარი გვითხრა ხორბლის მოყიდვაზე და, თუ აქამდე პურის ფქვილისთვის საჭირო ხორბლის 95% შემოგვქონდა რუსეთიდან, აგვისტო–სექტემბრიდან ამ ქვეყანაზე 100%-ით ვართ დამოკიდებული. ასე იქნება ოქტომბერშიც, ნოემბერშიც, დეკემბერშიც და, უდიდესი ალბათობით, გაისადაც. რუსეთმა, რომლის ხორბალზეც საერთაშორისო მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, იმაზე მეტი დახნა და დათესა, ვიდრე ოდესმე; 2017 წლიდან დღემდე ხორბლის მოსავალს ყოველწლიურად ზრდის და არც გასაღება უჭირს.
საქართველოს გარდა რუსეთზე არაერთი ქვეყანაა დამოკიდებული. მაგალითად, ეგვიპტე, რომელიც ნელ-ნელა ხორბლის მთავარი შემსყიდველი ხდება და დიდი სურვილი აქვს, პირველობა თურქეთს ჩამოართვას. ჰო, იმ თურქეთს, რომელსაც თურმე რუსეთი მტრად ჰყავს გამოცხადებული, ერთი სული აქვს, აზერბაიჯან–სომხეთის ომში რუსეთის ჩარევის შესახებ შეიტყოს და ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს რაკეტები დაუშინოს. ჰო, სწორედ ასეთი მოსაზრებაა ქართველ “ექსპერტთა” დიდ ნაწილში. არადა, ირკვევა, რომ თურქეთი რუსეთისგან პურის გამოსაცხობად საჭირო ხორბალს რომ არ ყიდულობდეს, უბრალოდ, შიმშილით სული გაძვრებოდა. თანაც, საქართველოსგან განსხვავებით, თურქეთი ნატოს წევრიც არის, 80 მილიონზე მეტი მოსახლეობაც ჰყავს და ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეიძლება, კიდევ არაერთი მილიონი ცხოვრობდეს. ამის მიუხედავად, თურქეთსა და რუსეთს ცივილური ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ და საქმიან ურთიერთობებს პოლიტიკაში არ ურევენ. თურქული პროდუქციაც დიდი ოდენობით შედის რუსეთის ტერიტორიაზე _ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარზე და, ისიც რომ ჩაკეტოს რუსეთმა, ძალიან დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას, მაგრამ ამას არ აკეთებს და არ აკეთებს ერთადერთი რამის გამო _ ეკონომიკური ურთიერთობა სხვა რამ არის და პოლიტიკური სხვა. რაც მთავარია, ყველაფერი ხდება რუსეთის მიმართ დაწესებული საყოველთაო სანქციების ფონზე და სწორედ ეკონომიკური სანქციებით სურდათ რუსეთის გაგუდვა, მაგრამ ეს ორი რამის გამო არ გამოვიდა:
პირველი _ რუსეთი ამ სანქციებმა უფრო გააძლიერა, ადგილობრივი წარმოება განვითარდა (როგორც ამბობენ, ბოლო ორ წელიწადში ადგილობრივი წარმოება იმაზე მეტად განვითარდა, ვიდრე მანამდე ბოლო ოც წელიწადში ერთად);
მეორე _ არაერთმა ქვეყანამ სანქციების გაგრძელებაზე უარი თავისი ნებით თქვა, რადგან სანქციების გამო, რუსული ბაზარი მათთვის ჩაიკეტა, ამან კი მათი ქვეყნის ეკონომიკას მაგრად დაარტყა. სხვათა შორის, დასავლელი პარტნიორები ჩვენც მოგვიწოდებდნენ, სანქციების სრულ პაკეტს შევერთებოდით, მაგრამ მაშინ ქართველ პოლიტიკოსებში თვითგადარჩენის ინსტიქტმა იმძლავრა და მიხვდნენ, რომ საქართველოში ეკონომიკა კი არ გაჩერდებოდა, არამედ გაქრებოდა და მხოლოდ პოლიტიკურ სანქციებს შეუერთდნენ.
ხორბალზე მოგახსენებდით და ისევ ხორბლით განვაგრძოთ. ხელისუფლებას ლამის ნახევარი წლის განმავლობაში ვუმტკიცებდით, რომ ხორბალი აუცილებლად გაძვირდებოდა და, მარაგებს თუ არ შექმნიდა, ის მაინც მოეხერხებინა, რუსეთს განსხვავებულ ფასში არ მოეცა და ცოტა იაფად მოეყიდა. მაგრამ არა, ერთ მაგიდასთან (თუნდაც მხოლოდ ხორბალზე სასაუბროდ) დასხდომას ქართულმა მხარემ თავი ვერ თუ არ მოაბა და ახლა ერთ ტონა ხორბალს 250 დოლარად ვყიდულობთ _ ტონა ხორბალი ადგილზე გვიჯდება 800 ლარი, შემდეგ ტრანსპორტირება, დაფქვა, საიდანაც სუფთა ფქვილი კარგ შემთხვევაში 70% გამოდის და ერთი კილოგრამი ფქვილის თვითღირებულება 1.5 ლარამდე მარტივად ადის. დახლებზე კი 80-თეთრიანი პური დევს და ვინმე აგვიხსნის, რას გვაჭმევენ, რა მინარევებით?
არ ვიცით, რა გვინდა, არ ვიცით, საით მივდივართ
პურის მწარმოებლები რომ არ იზარალებენ, ფაქტია და მოგება ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე რომ არის, ეგეც ადვილი მისახვედრია. რას ვჭამთ, ეგ ცალკე საუბრის თემაა არა მხოლოდ პურზე, არამედ სხვა პროდუქტებზეც. სწორედ საკვების ბრალია, სიმსივნური დაავადებების შემთხვევების მატება, მაგრამ არც ამაზე ფიქრით იწუხებენ თავს ხელისუფლებაში.
მთავრობის კოორდინირებული მუშაობა და რაიმე საკითხზე უმარტივესი შეთანხმება არარეალური რომ არის, კონკრეტულ მაგალითზე აგიხსნით.
“ქართული თაფლის შესვლა ევროპის ბაზარზე არის აბსურდი. სანამ ერთგვაროვანი თაფლი არ გვექნება, სანამ მეთაფლე არ მიხვდება, რომ არ უნდა მოგატყუოს, რომ ანტიბიოტიკს არ იყენებს, სანამ ქვეყანაში ღია ტუალეტების პრობლემა იქნება, მანამდე სულ ასე იქნება. საქართველოს სოფლების კანალიზაციის მოწესრიგებას რამდენი მილიარდი დასჭირდება, იცით? ევროკავშირმა როცა გაგვიწერა, 2015-დან 2017 წლამდე დაახლოების კანონმდებლობაზე იმუშავეთო, ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს პერიოდი გვჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ წავიკითხოთ, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირმა ახლავე გააღოს კარი და შევვარდეთ ქართველები. კი ბატონო, შევვარდეთ, მაგრამ რით? ახლა ჰასპის სტანდარტი გვაქვს დასანერგი. მწარმოებლებს მისი დანერგვა ქვეყნის მასშტაბით უნდა მოვთხოვოთ. ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, ამაზე ხალხი გაგიჟდებაო. რაზე უნდა გაგიჟდეს? ტუალეტი რომ დალაგებული უნდა იყოს, ეს რომ მოვთხოვოთ? ნაგავში რომ არ გვიკეთებდნენ საჭმელს? ბაღების სტანდარტიზაციაზე ხომ აღარ არის ლაპარაკი. ძალიან შორს წავალთ”, _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა რამდენიმე თვის წინათ.
“მუხურში დავიწყეთ და სულ რამდენიმე თვეში დაპატენტდება სპეციალური ბრენდი “მუხურის თაფლი”, რაც მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივებს, თაფლი აწარმოონ და შემდგომ გაიტანონ ევროპის ბაზარზე”, _ ეს განცხადება კი მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ანუ გასულ კვირას, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში სტუმრობისას გააკეთა.
რა გამოდის? ან გახარია არ იცნობს ევროპულ სტანდარტებს და ევროპელების გამოგზავნილი წერილი არც კი ანახეს, ან წინასაარჩევნოდ მოსახლეობა ყველაფერს ჭამს და დიდი რამე, თაფლსაც თუ მიაყოლებს.
ზუსტად ასეა საერთაშორისო პოლიტიკაშიც. ჩვენი უბედურება არის ის, რომ არ ვიცით, რა გვინდა, არ ვიცით, საით მივდივართ. ჩვენ არ ვიცით, თორემ დასავლეთმა ძალიან კარგად იცის, საით მივყავართ და რისთვის მივყავართ. საქართველო დასავლეთის ხელში არის რუპორი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში ააყვირებს საერთაშორისო მასშტაბით. კრიტიკის ადრესატი ასიდან ასივე შემთხვევაში რუსეთია. თუ არ გჯერათ, გაიხსენეთ სხვა ქვეყნის მიმართ გაკეთებული თუნდაც ერთი კრიტიკული განცხადება; გაიხსენეთ, ამოიღეს თუ არა ხმა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, როცა იმავე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჭარა თურქეთის ტერიტორიად მოიხსენია, ან ამოიღეს თუ არა ხმა მაშინ, როცა დიდგორობა უქმე დღედ უნდა გამოცხადებულიყო და ამას თურქეთი შეეწინააღმდეგა.
ნამდვილად არ აქვს თურქეთს იდეალური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკას არ შეეხოს, ანუ საკუთარ ხალხზე ზრუნავს. ჩვენ კი პოლიტიკაც, ეკონომიკაც, ინფრასტრუქტურაც, სოფლის მეურნეობაც ერთ ქვაბში გვაქვს ჩაყრილი და იქიდან ორთქლსაც ერთნაირად ვუშვებთ. ქვეყანას, რომელშიც ნაწარმოები პროდუქციის 80%-მდე გაგაქვს, რომლიდანაც ენერგომატარებლებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების ლამის ას პროცენტს იღებ, თუ არ დაელაპარაკები, უმიზეზოდ არ უნდა აგინო მაინც. უმიზეზოდ მაგინებლებში ვგულისხმობთ დასავლეთის მიერ წაქეზებულ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებენ სირიასა თუ აფრიკის ქვეყნებში. არ არის, ბატონებო, ეგ თქვენი საქმე და, ყველამ რომ ისწავლა ჭკუა, თქვენ რატომ ვერაფერს სწავლობთ?!
ბესო ბარბაქაძე