პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არაუგვიანეს, 20 დეკემბრისა

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს.

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს – 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს, ცესკომ კი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა (10 დეკემბერი) უნდა დაადგინოს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაიმართება, რა ვადაც მაქსიმუმ 20 დეკემბრამდეა.

პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, საკუთარ ვებ-გვერდზე შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს. შემაჯამებელ ოქმს ცესკო ასევე “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც მას ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.

პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატითა და 30 მაჟორიტარით უნდა იყოს წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მომდევნო არჩევნებიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისიწინებს.

ამასთან, 2024 წლამდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პარლამენტი კვლავ შერეული – 120/30-ზე სისტემით ფორმირდება.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე განაწილდება.

ცესკოს ყველა უბნის წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით 1%-იანი საარჩევნო ბარიერი ცხრა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გადალახა. მათ შორის 120 პროპორციული მანდატიდან 116 მანდატი ნაწილდება. ოთხი თავისუფალი მანდატი რჩება, რომელსაც თანმიმდევრობით, უდიდესი ნაშთის მქონე შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები გაინაწილებენ: – “გირჩი“, “ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, პროპორციული სისტემით განსაზღვრული დანარჩენი 116 მანდატი პარტიებს შორის ასე ნაწილდება:

“ქართული ოცნება“ (48.15%) – 61 მანდატი

“ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ (27.14%) – 34 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)

“ევროპული საქართველო“ (3.78%) – 4 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)

“ლელო“ (3.15%) – 4 მანდატი

“პატრიოტთა ალიანსი“ (3.14%) – 4 მანდატი

“სტრატეგია აღმაშენებელი“ (3.15%) – 4 მანდატი

“გირჩი“ (2.89%) – 3 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)

“ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (1.33%) – 1 მანდატი (ემატება ერთი თავისუფალი მანდატი)

“ლეიბორისტული პარტია“ (1%) – 1 მანდატი.

 

“ინტერპრესნიუსი”