„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა. პარტიის წარმომადგენლები არც მეორე ტურებში მიიღებენ მონაწილეობას.
„ევროპული საქართველო“ უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობასაც ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მივიღოთ მონაწილეობა მეორე ტურებში. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არ არის რიგითი პროტესტი და რიგითი ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ პარლამენტში მონაწილეობას და პარლამენტში აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, პარტიამ 5 მანდატი მოიპოვა.
მანამდე მანდატებზე უარი „პატრიოტთა ალიანსმაც“განაცხადა.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,14%; „ევროპული საქართველო“ – 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.