რუსეთის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში ყაზანის ”რუბინისა” და ტულას ”არსენალის” შეხვედრაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
პირველ ტაიმში მასპინძელთა შემტევი ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წაიქცა. პენალტის დარტყმის თვალსაზრისით საეჭვო ეპიზოდი იყო, თუმცა ქართველი ტალანტი არბიტრთან მივიდა და უთხრა, რომ მის წინააღმდეგ თამაშის წესი არ დარღვეულა. ამ ქმედებით კვარაცხელიამ მეტოქის გუნდის ფეხბურთელებისგან და სტადიონზე დამსწრე ქომაგებისგან აპლოდისმენტები დაიმსახურა.
პირველი ტაიმი ”რუბინის” გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები კარლ სტარფელტისა და ჯორჯე დესპოტოვიჩის ანგარიშზეა. კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, თუმცა მეორე გოლის კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო, შეტევა მან კარგი პასით დაიწყო და საბოლოოდ ანგარიში ორამდე გაიზარდა.
შესვენების შემდეგ კვარაცხელიამ საგოლე პასი შეასრულა. 53-ე წუთზე ქართველის ბრწყინვალე გადაცემით ბაკაევმა თავი გამოიჩინა და ანგარიში 3:0 გახდა.
83-ე წუთზე ”არსენალმა” ანგარიში შეამცირა. 85-ე წუთზე სლუცკიმ კვარაცხელია შეცვალა.
”რუბინის” ქართველი მოთამაშე მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და რუსული მედიის ცნობით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მას Sofascore-მა 7,0 დაუწერა.
საბოლოოდ მატჩი ”რუბინის” გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ”რუბინი” 21 ქულით მე-5 ადგილზეა. ამდენივე ქულაა მე-4 პოზიციაზე მყოფ ”ლოკომოტივის” ანგარიშზე, თუმცა მოსკოვურ გუნდს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.
”არსენალის” სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გია გრიგალავამ იასპარეზა, რომელსაც Sofascore-მა 6,7 დაუწერა. ამ ეტაპზე 16-გუნდიან პრემიერ ლიგაში გრიგალავას გუნდი 12 ქულით მე-12 ადგილზეა.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რუსული და იტალიური მედიის ცნობით კვარაცხელიას გადაბირება დორტმუნდის ”ბორუსიასა” და იტალიურ ”ტორინოს” სურთ.