ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეუთოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო.
„ეუთოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს. პირველ რიგში, „ქართული ოცნება“ მოწოდებულია, რომ პატივი სცეს საზოგადოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას ამისკენ მოვუწოდებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.