საპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ მონიტორინგს განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში კონტროლს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ.

შსს-ს ინფორმაციით, პატრულ-ინსპექტორები მობილიზებული არიან თბილისში არსებულ ყველა მეტროსადგურთან და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ.

როგორც შსს იუწყება, გარდა ამისა, სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან სოციალური დისტანცია, სწორად ატარონ პირბადე და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 33 459-ს შეადგენს. გარდაიცვალა 401 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3 004 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4 355 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.