აშშ-ის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაცია არეულობაში გადაიზარდა, ეროვნული გვარდიის დანაყოფების ჩართვა გახდა საჭირო.
მინეაპოლისში კი, 200-მდე დემონსტრანტმა მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა, რის გამოც სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
ამერიკული მედიის ცნობით, ჯგუფი დონალდ ტრამპის განცხადებას,ხმების დათვლის შეწყვეტის შესახებ, აპროტესტებდა.
საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ჩიკაგოში.
დეტროიტსა და ფენიქსში კი მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები საარჩევნო უბანთან შეიკრიბნენ და ხმების დათვლის შეჩერება მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის, ნევადის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, ალასკას შტატებში არჩევნების საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა.
FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.
ცნობისთვის, არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.
წყარო: itv.ge