ჯო ბაიდენის პოლიტიკური გზა – ფაქტები ბიოგრაფიიდან …

ამერიკა რიგით 46-ე პრეზიდენტის არჩევის მოლოდინშია. ბაიდენის 264 ხმა ტრამპის 214 ხმის წინააღმდეგ – FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმათა ფარდობა სწორედ ასეთია.

რა გზა გაიარა ჯო ბაიდენმა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატობამდე:

პოლიტიკური კარიერა:

1973-დან 2009 წლამდე ჯო ბაიდენი დელავერის შტატის სენატორის პოსტს იკავებდა. სენატში ყოფნის დროს, ბაიდენმა სახელი გაითქვა როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა. ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა.

2009 – 2017 წლებში ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

“ამერიკის საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი“, „ამერიკის ისტორიის ლომი“, – სწორედ ამ სიტყვებით დაახასიათა 2017 წელს ბარაკ ობამამ ჯო ბაიდენი.

2017 წელს ბარაკ ობამამ ბაიდენი დააჯილდოვა საპრეზიდენტო მედლით „თანამემულეებისადმი რწმენისთვის, სიყვარულისა და სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა“.

ცნობისთვის, აღნიშნული მედალი სამოქალაქო პირებს აშშ-ის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვაში, ასევე მსოფლიოსა და აშშ-ში საზოდაგადოებრივ–კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის გადაეცემათ.

ბაიდენი ერთ-ერთ მთავარ მიღწევად, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიღებული საკანონმდებლო აქტი მიიჩნევა, რომლის დამტკიცებისთვისაც მან ბევრი იბრძოლა.

ბაიდენი და საქართველო:

2009 წლის 22 ივლისს, ჯერ კიდევ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ჯო ბაიდენი საქართველოს ესტუმრა და განაცხადა, რომ „აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი კვლავაც გაგრძელდება“. მაშინ ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის პროცესს მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს“.

2019 წლის 16 თებერვალს ბაიდენმა მოდერატორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ NATO-ს პარტნიორებს, როგორებიც არიან საქართველო და უკრაინა, მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ, რათა რუსული გავლენების წინაშე უფრო ბრძოლისუნარიანი გახდნენ. ცნობისთვის, მოდერატორი დაინტერესდა, თუ როგორ ხედავს ჯო ბაიდენი რუსეთთან ურთიერთობებში ბალანსს იმ დარღვევების გათვალისწინებით, რაც კრემლმა მათ შორის, დონბასის ოკუპაციითა და საქართველოში შეჭრით განახორციელა.

ფაქტები ბაიდენზე:

– 2014 წელს ბაიდენი ამერიკის მთავრობის ნაკლებად შეძლებულ წარმომადგენლად აღიარეს. ის ყველაზე შეძლებულ მთავრობის წარმომადგენლებს შორის 581-დან 577-ე ადგილზე იყო.
– ბაიდენის საყვარელი ფილმია „ცეცხლის ეტლები“ (Chariots of Fire)
– ბაიდენს საოცრად უყვარს ნაყინის ჭამა.
– ერთხელ მან რეპორტიორი საჭიდაოდ გამოიწვია.

ადრეული წლები:

ჯო ბაიდენმა ბავშვობა სკრენტონში (პენსილვანია) გაატარა. როდესაც ბაიდენი 10 წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად დელავერის შტატში გადავიდა. სახლში, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, სამი საწოლი იდგა. ბავშვობაში ბაიდენს საუბრისას ენა ებმებოდა, რის გამოც კლასები ხშირად დასცინოდნენ. ამიტომ ბაიდენი მუდმივად ცდილობდა, ლაპარაკის დაწყებამდე შინაარსი კარგად გაეაზრებინა, რათა შეცდომა არ დაეშვა.

ბაიდენმა, მისი პირველი ცოლი ნეილია ჰანთერი ბაჰამას კუნძულებზე, კოლეჯში სწავლის პერიოდში გაიცნო. მეორე პაემანზე ჯოს საკმარისი ფული არ ჰქონდა, რომ რესტორნის ანგარიში გადაეხადა. თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო, ნეილიამ მას 20-დოლარიანი მაგიდის ქვეშ მიაწოდა.

როდესაც ბაიდენი ნეილიას დედას პირველად შეხვდა, ქალმა ჰკითხა – რის გაკეთებას გეგმავდა სამომავლოდ. ბაიდენმა კი უპასუხა, რომ ის აშშ-ს პრეზიდენტობას აპირებდა.

ბაიდენი და ნეილია 1966 წელს დაქორწინდნენ. ბაიდენს ორი ვაჟი (ჰანტერი და ბო) შეეძინა. 1970 წელს ბაიდენმა თქვა, რომ მას ძალიან უნდოდა ქალიშვილი ჰყოლოდა. მოგვიანებით, მათ ქალიშვილი, ნაომი შეეძინათ.

1967 წელს სირაკუზის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლაში სწავლის პერიოდში, ბაიდენმა ნეილიას ლეკვი უყიდა და სახელად „სენატორი“ დაარქვა. 1972 წელს, ყველასათვის გასაოცრად, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სენატორი გახდა.

სენატორად არჩევიდან რამდენიმე კვირაში, ახალგაზრდა ბაიდენს თავს უბედური შემთხვევა დაატყდა. საშობაო საჩუქრებზე წასული მეუღლე ნეილია და 13 თვის ნაომი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მისი ორივე ვაჟი, ჰანტერი და ბო კი საავადმყოფოში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს.

ახალარჩეულ სენატორ ბაიდენს 1973 წლის დასაწყისში ფიცი უნდა დაედო. თუმცა, იმის გამო, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ორი შვილი საავადმყოფოში ჰყავდა, ბაიდენს ფიცის დადება თავისი შვილების პალატაში მოუწია.

2015 წელს ბაიდენის მეორე შვილი, ბო ბაიდენი ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით დაიღუპა.

1977 წელს ბაიდენი მეორედ, ჯილ ჯეიკობს ტრეისიზე დაქორწინდა, რომელიც დღემდე მისი ცოლია. ჯოს და ჯილს 1981 წელს ქალიშვილი შეეძინათ.

ავტორი: ნინი ტაველიძე
წყარო: ptn.ge