თბილისში, საკარანტინო სასტუმროში მყოფი ქალი, რომელსაც კორონავირუსი არ ჰქონდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ 60 წლის ქალი უყურადღებობით დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დიაბეტიანი პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოთხი დღის წინ მოათავსა ე. წ. კოვიდ-სასტუმროში. თავდაპირველად ოჯახმა სასწრაფო დახმარება იმიტომ გამოიძახა, რომ ქალმა სისხლში შაქრის შემცველობის გაზრდის გამო თავი ცუდად იგრძნო, თუმცა მედიკოსებმა ის არა კლინიკაში, არამედ კოვიდსასტუმროში დაკვირვების მიზნით გადაიყვანეს.
ცნობილია ისიც, რომ პაციენტს მხოლოდ ერთი დღე უნდა დაეყო საკარანტინე სივრცეში, თუმცა ის ოთხი დღე არ გამოუშვეს სასტუმროდან. ოჯახის თქმით, ქალს არ ჰქონდა კორონავირუსი და ის შაქრიანი დიაბეტით გარდაიცვალა, რადგან არც წამლები ჰქონდა და სასტუმროში მყოფი მედპერსონალიც არ აქცევდა ყურადღებას.