ეს რევოლუციური გეგმის ნაწილია, რომელიც უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაიწერა

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით ქვეყნის ტერიტორიაზე, საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დაპირისპირებების სცენარი უკრაინაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ არის დაწერილი.

“მე გამიჭირდება ამაზე პირდაპირ გაგცეთ პასუხი, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ, გააკეთებენ მოკვლევას და თუ რამე საფრთხე, კონკრეტიკა არსებობს, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი ქმედებები. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ ნაციონალური შტაბის მხრიდან, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ჯერ კიდევ არჩევნების წინ, რომ იყო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა დაძაბულიყო სიტუაცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს. მითითებული იყო პიროვნებები, ოლქები, სადაც პროვოკაციების საფრთხე იყო, რისი მომსწრენიც გავხდით. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ყველა წევრს და მხარდამჭერს, რომ ისინი არ აყვნენ პროვოკაციას.

ვფიქრობ, ეს არის იმ რევოლუციური გეგმის ნაწილი, რომელიც დაიწერა უკრაინაში, კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მიერ. ამას არ სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები, მოწოდებები კეთდება პირდაპირი ეთერიდან მიხეილ სააკაშვილი მხრიდან და ეს ყველაფერი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ეს განცხადება გავაკეთო. პირველი შემთხვევა არ არის, ყველა არჩევნებისას ხდება და ერთი და იგივე მდგომარეობაში ვიმყოფებით. ალბათ, ამის უკან შესაბამის სამსახურებს უფრო მეტი კონკრეტიკა აქვთ,”-განაცხადა “ღამის კურიერში” კახა კალაძემ.

 

“აიპრესი”