“მთავარი პრობლემები გვექნება დეკემბერში, როცა…” – რას ამბობს მიხეილ ცაგარელი “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობაზე” და რას პროგნოზირებს პანდემიაზე

ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დღითი დღე იძაბება და ოპოზიციური პარტიები ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

პანდემიის ფონზე ლიდერები მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. კვირას საპროტესტო აქციაც კი  არის დაანონსებული  და როგორ განვითარდება მოვლენები, ეს მოგვიანებით გამოჩნდება.

პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ვთხოვეთ.

– ბატონო მიხეილ, არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით რა პროგნოზებს გააკეთებთ?

– ამ არჩევნებმა დაადასტურა ბევრი რამ, რასაც წლის დასაწყისში ვამბობდი. მაშინ აღვნიშნე, “ქართული ოცნება” მოიგებს არჩევნებს, მაგრამ გაცილებით მეტი სიფრთხილე მართებთ, ვიდრე წინა წლებში-მეთქი. ოპოზიციამ გაცილებით მეტი ხმა მოიპოვა ამ არჩევნებში, ვიდრე წინა წლებში ჰქონდა, რაც საგანგაშო სიგნალია “ქართული ოცნებისთვის”. ვიდრე მმართველი გუნდი ამას არ შეიგნებს  და რაც შესაცვლელია პოლიტიკაში, იმას არ შეცვლის, მისი რეიტინგი თანდათან ქვევით წავა.
“ქართული ოცნების” უნიათო ხელმძღვანელობა, სოციალურად რთული პირობები, უმუშევრობა, უფულობა – ამ ფონზე გაცილებით ჭკვიანური პიარტაქტიკით “ნაციონალური მოძრაობა”  აშკარად უგებს ბრძოლას “ოცნებას”. ხედავთ, სხვა პარტიები თანდათან ძლიერდებიან? მაგრამ ეს პატარ-პატარა პარტიებიც რეალურად “ნაცმოძრაობის” ფრთაა და ერთი და იგივე ჯგუფია, რომელიც ნელ-ნელა იკრებს ძალას. ოპოზიცია არ ეთანხმება არჩევნებს. ასევე, ბევრი ვინმე არ ეთანხმება  არჩევნებს საფრანგეთში, იტალიაში… და ზოგადად, ბევრ ქვეყანაში არჩევნების შემდეგ უამრავი პროტესტია.
მთავარი ის არის, რომ ახლა ოპოზიცია უპირისპირდება მსოფლიოს, რეალურად – ევროპას, რომელმაც აღიარა, რომ საქართველოში არჩევნები მცირეოდენი დარღვევებით ჩატარდა. დარღვევების გარეშე არც ერთი არჩევნები არ ჩატარებულა. გავიხსენოთ “ნაცმოძრაობის” დროს რა დარღვევები იყო, “კარუსელი” თუ ტრიალებდა, სწორედ მაგ დროს ტრიალებდა. მაგაში ვერავინ შეეჯიბრება მათ. ვერ გავიგე, ასე რატომ უკვირთ ეს?! შეცდომები და გადაცდომები ყველა ქვეყანას აქვს, მაგრამ მთავარია, იმ ფარგლებში იყოს, რასაც ჰქვია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეს კი აღიარა ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა.
ახლა ოპოზიცია ელოდება, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს. თუ გაიმარჯვა მათმა მეგობარმა ბაიდენმა, მაშინ ოპოზიციას  ფრთები გაეხსნება, იმიტომ, რომ ბაიდენმა შეიძლება ცოტა შემოუტიოს საქრთველოს მთავრობას და, გარკვეულწილად, ოპოზიციის მხარე დაიჭიროს. თუ ტრამპმა გაიმარჯვა, ოპოზიციას ეცოდინება, რომ არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს – ამერიკის ელჩმა კარგად გააგებინა, როგორია ამერიკის პოზიცია ამ არჩევნებთან დაკავშირებით.
უზარმაზარი ხმები მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ”. ასეთი რაოდენობით იკრიბებიან პირველად, საკმაოდ კარგი ხელფასები აქვთ, პლუს – პრემიებსა და ბონუსებზე უარს თუ არ ამბობენ და მუშაობა არ უნდათ, მაშინ უნდა შეიტანონ საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც ჩაიწერება, რომ ჩემი და თქვენი ანუ ამომრჩეველთა ფული მათ არ დაურიგდეთ. ვისაც არ უნდა მუშაობა, იმას რატომ უნდა ჰქონდეს ჩემი ფული და რატომ უნდა ჭამდეს და სვამდეს? რაში ვუხდი მათ ხელფასებს? თუ არ უნდათ, ნუ შევლენ. ეს ძალიან კარგი იქნება და პირველი მომხრე და მადლობელი ამით მე ვიქნები, თუ “ნაციონალური მოძრაობა”  ქუჩის ოპოზიცია გახდება. ქუჩის ოპოზიციას ნაკლებ პატივს სცემენ და ამ ვითარებაში მათი სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა გაცილებით უფრო ადვილია. მომხრე ვარ, ესენი არ შევიდნენ პარლამენტში. იციან ისიც, რომ ამ აქციებით ისინი ვერ მოიპოვებენ ვერანაირ თანაგრძნობას ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებში, იმიტომ, რომ მათი მოქმედება იქნება კანონსაწინააღმდეგო. დანარჩენი მათი არჩევნის ამბავია.
– ფიქრობთ, არ შევლენ პარლამენტში?

– ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა. დემარში ჰქვია იმას, რაც ახლა ხდება, ხელი პარლამენტში შეუსვლელობას რომ მოაწერეს. რას აპროტესტებენ, როცა ერთმანეთში ვერ გაურკვევიათ საქმეები. ხომ ნახეთ, რაც მოხდა ნიკა მელიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის? ჯობია, ჯერ აზრზე მოვიდნენ, ერთმანეთში გაარკვიონ, რა უნდათ და მერე ილაპარაკონ. დამარცხებაც კი არ შეუძლიათ ნორმალურად მიიღონ. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ისინი კი არ დამარცხდნენ, პირიქით –  ეს არჩევნები მოიგეს – ორჯერ მეტი მანდატი მოიპოვა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ვიდრე წინა წლებში. მათ მე და თქვენ უნდა გადავუხადოთ 12 მილიონი და კიდევ ამაზე პრეტენზიები აქვთ? ჯობია, ჭკვიანად იყვნენ, ეგეც არ დაკარგონ და საბოლოოდ არ გაქრნენ პოლიტიკური ხედვიდან. თუმცა მათი დემარშები გასაგებია, დემარშებმა რამდენჯერმე იმოქმედა მთავრობაზე და ისინი, ვინც ციხეში უნდა ისხდნენ დღეს, ვხედავთ გარეთ არიან, აქტიურობენ და აქეთ ჭკუას გვასწავლიან. ამ დემარშების შედეგია ეს და ამის იმედი აქვთ ახლაც, უნდათ რომ შეაშინონ სამთავრობო სტრუქტურები და ისევ ძალადობრივი მეთოდებით აიძულონ და გააკეთებინონ ის, რაც მათ სურთ. ამჯერად კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ, იმიტომ, რომ საკუთარი ჯგუფების გარდა, არც ამერიკელები უჭერენ მხარს და – არც ევროპელები. რაღაც პერიოდის შემდეგ დამთავრდება ეს და გაიაზრებენ, რომ სხვაგვარი მოქმედება არის საჭირო. ისე, “ქართული ოცნება” ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს, რომ დამნაშავეების დასჯის და სამართლიანობის აღდგენის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. მხოლოდ კოაბიტაცია ვერ უშველის. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” – ვიდრე სამართალი არ აღდგება, ტყუილუბრალოდ დაპირებები და მარტო პარკის მშენებლობები ვერ უშველის ქვეყნის წინსვლას.

– როგორ ფიქრობთ, მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას?

– ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ მოვა ამერიკის ხელისუფლებაში. თუ მიიღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, მარტო ნიკა მელიას გამო, რადგან იციან, სხვა უბნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ. ერთადერთი შანსი აქვს ნიკა მელიას და მისთვის თუ დათმობენ, შეიძლება, თუ არადა – არა.

– ქვეყნის ეკონომიკური ვითარება გამოსწორდება?
– გვექნება კრიზისი. ყველაზე მძიმე პერიოდი წინ გვაქვს, შავი მთვარე კუროს ზოდიაქოს ნიშანშია, ე.წ. მაცდუნებელი ძალა შეუერთდება და ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში დაიწყება კიდევ პანდემიის ახალი ეტაპი. ამიტომ ამ პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ გვექნება სერიოზული კრიზისი, რის გამოც ბევრი რამ დაიხურება და შეიზღუდება. ეს გამოიწვევს კიდევ მეტ ეკონომიკურ კოლაფსს, მაგრამ მთავარი პრობლემები გვაქვს დეკემბერში, როცა საბანკო ეკონომიკურ სექტორში – ეს არის კუროს ზოდიაქოს ნიშანი, მოხდება შეერთება შავი მთვარის მოულოდნელობების პლანეტა ურანთან. ენერგიების ასეთი შეერთება  ყოველთვის იწვევს სერიოზულ კრიზისებს და კოლაფსებს მსოფლიოს საბანკო ეკონომიკურ სისტემაში და ეს აუცილებლად იმოქმედებს საქართველოზე. ამიტომ ნოემბერი და დეკემბერი იქნება ურთულესი ექიმებისთვისაც, პაციენტებისთვისაც და – საბანკო, ეკონომიკური სექტორისთვისაც. ეს პერიოდები უნდა გავიაროთ რაც შეიძლება ფრთხილად, წინდახედულად, საჭირო რეფორმებით. მერე, იანვარსა და თებერვალში იქნება გამოძახილი და სირთულეები, ყველაფერი კი  დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ გავივლით ნოემბერ-დეკემბერს. თუ ამ ორ თვეს მეტნაკლებად სტაბილურად გავივლით, იანვარი და თებერვალი ნაკლებად პრობლემური იქნება პანდემიის კუთხითაც და ეკონომიკური კუთხითაც. თუ აქ შეცდომები დაუშვა მთავრობამ და მათ შორის – ექიმებმა, მაშინ იანვარ-თებერვალიც იქნება რთული.
ვფიქრობ, რომ სადღაც, მაისის ბოლოსკენ ვირუსმა უკვე, ფაქტობრივად, უნდა ამოწუროს თავისი ძალა, ამიტომ 2021 წლის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, განსაკუთრებით – სექტემბრიდან დაიწყება მსოფლიოს და მათ შორის – ჩვენი ეკონომიკის ნელ-ნელა აღზევება. დღეს არსებული ვითარება უნდათ გამოიყენონ ოპოზიციურმა პარტიებმა და ადვილად ააჯანყონ ხალხი. 2024 წლის არჩევნებისთვის სიტუაცია უნდა დალაგდეს ქვეყანაში, არ იქნება პანდემია, ეკონომიკაც მოვა ნორმაში, 2021 წელს დაიწყება აღზევება, 2022 წელს კი მსოფლიო მასშტაბითაც თვალშისაცემი იქნება წინსვლა ამ კუთხით და 2024 წელს უკვე ყველაფერი დალაგდება. ამიტომ ოპოზიციურ პარტიებს კოზირი ახლა აქვთ, რადგან ქვეყანაში არის უმუშევრობა, პანდემია, კრიზისი, ვხედავთ ვალუტის კურსი რა დღეშია. ეს ყველაფერი 2024 წელს უკვე აღარ ექნება ხელში ოპოზიციას, ამიტომ ის ახლა შეეცდება ყველაფერი გამოიყენოს და მთავრობას დააბრალოს.
– 31 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, ეს დღე ჰოროსკოპის მიხედვით ხელსაყრელი იყო “ქართული ოცნებისთვის”?
– არ მომეწონა, არჩევნები 31 ოქტომბერს რომ ჩაატარეს. თავიდანვე ვთქვი, თუ მიანცდამაინც ოქტომბერი უნდოდათ, 25 ოქტომბერს უნდა ჩაეტარებინათ ან – სექტემბერი იყო უკეთესი. 25 ოქტომბერი კარგი დღე იყო, ენერგეტიკულად მშვიდი. 31 ოქტომბერს, მძიმე დღეს ჩაატარეს და მიიღეს ის, რაც უნდოდათ. ძალიან მძიმე რიცხვი იყო 31, სადაც ორმაგი ბარიერები ჩნდებოდა – იყო სავსე მთვარე, ასევე – მზისა და მთვარის დაპირისპირება. სავსემთვარეობას ადამიანებში ემოცია და აგრესია ყოველთვის ორმაგდება და სამმაგდება. ამ დღეს იყო კიდევ “ჰელოუინი” – ე.წ. ჯადოქრების ანუ “შავი მაგიის ღამე”. ამიტომ კატეგორიულად ვთხოვდი მთავრობას, ამ და სხვადასხვა მიზეზის და გარემოების გამო, არჩევნები 31 ოქტომბერს არ დაენიშნა. არ დამიჯერეს, მაინც გააკეთეს და ახლა მიიღონ ის, რასაც ველოდებოდი. ყველანაირად ძალიან რთული გვაქვს ნოემბერი და დეკემბერი, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ყურადღებით. მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ თავს, საკუთარ ჯანმრთელობას, ნერვულ სისტემას. 2021 წლის მეორე ნახევრიდან კი მსოფლიოში თანდათან  უნდა დაიწყოს აღზევება, პანდემიის მეტნაკლებად დამარცხება.
– ანუ მანამ, ვიდრე ვაქცინა არ შემოვა?
– ვაქცინები ცალკე თემაა. როგორც ბიოლოგმა, ვიცი, კარგად რომ იყოს გამოკვლეული, ვაქცინას 3-დან 5 წლამდე პერიოდი სჭირდება. ვაქცინა როგორ მოქმედებს, რა გვერდითი მოვლენები აქვს, ეს ხომ უნდა დადგინდეს? ზოგადად, ვაქცინებმა უამრავი ადამიანი დაასახიჩრა და დაღუპა, რადგან  ბევრი გვერდითი მოვლენა აქვს… ყველა ექიმმა იცის, რომ 5 წლამდე სჭირდება ვაქცინას დრო, კარგად რომ დადგინდეს, რამდენად არის უსაფრთხო და რამდენად დასაშვებია. მაქსიმუმ ერთ წელიწადში შექმნილი ვაქცინა კიდევ რამდენ ადამიანს დააზარალებს, ეს კაცმა არ იცის. ამიტომ მე ვაქცინის წინააღმდეგი ვარ.
(სპეციალურად საიტისთვის)
“კვირის პალიტრა”