ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა – შესაბამისი დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

 

სანქციების სამიზნეთა ჩამონათვალში მოხვდა პრეზიდენტის ვაჟი ვიქტორ ლუკაშენკოც.

ევროკავშირის პოზიციით, 9 აგვისტოს ბელარუსმა ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო აღმოჩნდა და მას მოჰყვა დამოუკიდებელი კანდიდატების რეპრესიები და მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა. სანქციები ანგარიშების გაყინვასა და მოგზაურობაზე აკრძალვას ითვალისწინებს.

ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების გაფართოების თაობაზე ევროკავშირის საბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება 12 ოქტომბერს მიიღო. მანამდე ევროკავშირმა ბელარუსში არჩევნების თაობაზე კიდევ ერთი სანქციათა პაკეტი მიიღო, რომელიც 2 ოქტომბერს ამოქმედდა და სიაში 40 პირი მოხვდა. პირველ ჯერზე ლუკაშენკო სიაში არ შეიყვანეს.