ვიდეო: შტატებში, სადაც ტრამპი გადათვლას ითხოვს, გუბერნატორის პოსტებზე დემოკრატები არიან

იმ შტატებში, სადაც ამ დროისთვის გაურკვეველი სიტუაციაა, ერთის გარდა, ყველგან გუბერნატორები დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენენ და სწორედ მათ გასცეს ამ რაოდენობით საფოსტო ბიულეტენების გაგზავნის ნებართვა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ ანალიტიკოსმა, ირაკლი გოგავამ განაცხადა.

„აშშ-ში ბოლო დროის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და ამას ადასტურებს უჩვეულოდ მაღალი აქტივობაც. აშშ-ში ასევე შეიძლება წინასწარ ხმის მიცემაც და 100 მილიონს გადააჭარბა იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც არჩევნებში წინასწარ მიიღო მონაწილეობა როგორც ფოსტით, ასევე უბნებზე წინასწარ მისვლით. ამჟამად აშშ-ში შექმნილი სიტუაცია სწორედ ფოსტით გაგზავნილმა ბიულეტენებმა გამოიწვია. ეს პრაქტიკა ადრეც არსებობდა, თუმცა მაგალითად წინა არჩევნებზე ამ მეთოდს მხოლოდ 5-მა მილიონმა ამერიკელმა მიმართა. ახლა კი, დემოკრატები ლობირებდნენ იმას, რომ პანდემიის გამო და უბნებზე რიგების თავიდან არიდების მიზნით უფრო მეტ ადამიანს მიეცა ხმა ფოსტით. თუმცა რიგები მაინც იყო, მათ შორის წინასწარ ხმის მიცემის დროსაც. ფოსტით ხმის მიცემას ეწინააღმდეგებოდა დონალდ ტრამპიც, რომელიც ამას თაღლითობის საშუალებას უწოდებდა. როგორ მიმდინარეობს ფოსტით ხმის მიცემა – ეს ბიულეტენი დევს გარეთ, საფოსტო ყუთში და ნებისმიერს შეუძლია აიღოს სხვისი ბიულეტენი და წავიდეს. ამერიკის 26 შტატში გუბერნატორი რესპუბლიკელია, 24-ში კი დემოკრატი. პრეზიდენტს შტატის საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს, თითოეული შტატი ცალკე სახელმწიფოა, თავისი კანონებით, პარლამენტითა და პოლიციით. შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებით თითოეულმა შტატმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო. ყოველი შტატი თვითონ ადგენს ხმების დათვლის პერიოდს, უბნების გახსნისა და დახურვის დროს, ფოსტით ბიულეტენების გაგზავნის პოლიტიკას და ა.შ. იმ შტატებში, სადაც ამ დროისთვის გაურკვეველი სიტუაციაა, ერთის გარდა, ყველგან გუბერნატორები დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენენ და სწორედ მათ გასცეს ამ რაოდენობით საფოსტო ბიულეტენების გაგზავნის ნებართვა. ამის შედეგად გაიწელა ასე პროცესი და დღეს ორივე კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსები, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებმა მიჩიგანი და ვისკონსინი უკვე გაასაჩივრეს“, – განაცხადა გოგავამ.