ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სტუდენტების მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, სოფელ სოფტადესში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება,
უნივესრსიტეტიდან მოწოდებული ინფორმაციით, ეკლესია V-VI საუკუნეებიდან XVI საუკუნემდე პერიოდში რამდენჯერმე გადაკეთდა.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია შუასაუკუნეების მრავალფეროვანი დეკორატიული დეტალები, აგრეთვე ძვ.წ. XII – VII საუკუნეების მოხატული კერამიკის ფრაგმენტები, რომაული ხანის ორი დაზიანებული ქანდაკება და ერთი კვიპროსული წარწერის მცირე ფრაგმენტი.
„ჩვენი ექსპედიციის დამსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ქართული, ისე კვიპროსის არქეოლოგიისთვის. ჩვენი ამოცანაა ვიზრუნოთ, რომ აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთები დაცული იყოს და შემოვინახოთ, როგორც ნაშთები, რომლებიც საქართველოსა და კვირპროსის სიძველესა და არქეოლოგიას შეემატა ქართველი სამეცნიერო წრეების მოღვაწეობის წყალობით“, – აღნიშნავს ვახტანგ ლიჩელი.
კვიპროსულმა მხარემ თსუ ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი კვიპროსული წარწერის მცირე, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფრაგმენტის კვიპროსული წარწერების კატალოგში შეტანის ნებართვა უკვე ითხოვა. არქეოლოგიური სამუშაოების პარალელურად, თსუ-ს არქეოლოგიური მისიის წევრები შეხვდნენ კვიპროსის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, აგრეთვე კვიპროსის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის ფონდმა კუნძულ კვიპროსზე ერთობლივი ექსპედიცია 2016-2017 წლებში დაიწყო.
წყარო: ინტერპრესნიუსი