როგორც საქართველოს ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, სასაცილოდ გამოიყურებიან, როდესაც თბილისში, ქართულენოვანი ტელეკამერების წინ, ვიშვიშებენ და ფუსფუსებენ ოსების მიერ “საზღვრის” გადაკვეთის საფუძველზე დაკავებული ექიმ-ტრავმატოლოგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გამო.
ოპოზიცია ხელისუფლებას უტევს და უსუსურობას საყვედურობს, რაც, პრინციპში მართალია – საქართველოს ხელისუფლება უძლურია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიაზე (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაც ხომ საქართველოს ტერიტორიაა იურიდიულად). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება უღირსად უნდა მოიქცეს და თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოს, ვაი-ოპოზიციის ზეწოლის გამო: რა საჭიროა რუს “ოკუპანტებზე” საუბარი დაკავებული ექიმის კონტექსტში და რუსეთზე ზეწოლის უბადრუკი მცდელობები? განა ამით რუსეთს შეაშინებს ვინმე?
ნაცვლად იმისა, ქვეყნის მესვეურნი დათბობისა და დიალოგის გზებს ეძებდნენ, სწორედ იმიტომაც, რომ მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული, პირიქით – ძაბავენ ვითარებას.
მიუღებელია თავად ვაჟა გაფრინდაშვილის გაჯიუტებაც და რაღაც უაზრო ქაღალდებზე ხელმოწერის გამო თავის საფრთხეში ჩაგდება, სადაც სიტყვა “საზღვარია” ნახსენები. კი ბატონო, კარგია, რომ ბ-ნი ვაჟა, ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველი, საქართველოს საზღვარს როკის გვირაბთან მოიაზრებს, მაგრამ ისიც ხომ უნდა იფიქრო ექიმმა კაცმა, რომ შენი ქმედებებით ქვეყანა არ ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში – არსებული სავალალო ვითარების გათვალისწინებით!
მოკლედ და კონკრეტულად: რუსეთთან “ოკუპანტის” ძახილს რუსეთთან დიალოგი სჯობს! ქართულ-რუსული დიალოგი გახდება საწინდარი ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგისთვისაც.
“ნიუსფრონტი”