ირანელმა ტაქსის მძღოლმა პოლონელ ტურისტებს 70.000 ევრო დაუბრუნა

პოლონელ ტურისტებს თეირანის ტაქსის მანქანაში ჩანთა დაავიწყდათ, რომელშიც 70 ათასი ევრო იდო. ცოლ-ქმარმა ფული დაიბრუნა პატიოსანი ირანელი მძღოლის წყალობით, იუწყება სააგენტო Borna.

თეირანელ ტაქსის მძღოლს ალი ჰასან ზაფარი ჰქვია. მან ტურისტების ჩანთა პოლონეთის საელჩოში მიიტანა, როდესაც იგი ნახა. ზაფარის საკმაო დრო დასჭირდა ჩანთის მფლობელების საპოვნელად.

პატიოსანი მძღოლი თეირანის მერმა ფირუს ჰანაჩიმ დააჯილდოვა მედალითა და ფულადი პრიზით, ასევე გამოაცხადა, რომ ზაფარი ფინანსურ დახმარებასაც მიიღებს, რათა მომლოცველის სტატუსით, თავის ოჯახთან ერთად, გაემგზავროს ირანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ ცენტრში – ქალაქ მეშჰედში.