რა ვიცით კამალა ჰარისზე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდეს

იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატების არჩევნების საბოლოო და ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანა 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენს აირჩევს, 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, კამალა ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი იქნება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.

“მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს, მაგრამ არ ვიქნები უკანასკნელი”,- ასე მიმართა ამერიკელებს არჩევნების შემდეგ კამალა ჰარისმა.

ჰარისი – ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი

კამალა ჰარისს სურდა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო. თავდაპირველად ის მიიჩნეოდა კიდეც ფავორიტ კანდიდატად და დებატებშიც დიდი ყურადღება მიიპყრო, თუმცა, 2019 წლის დეკემბერში რბოლას გამოეთიშა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად შეწყვიტა.

მიუხედავად ამისა, კამალა მაინც რჩებოდა პოლიტიკური მოვლენების სცენაზე. ის ყურადღებას ამახვილებდა სოციალურ-სამართლებრივ რეფორმაზე, განსაკუთრებით, 2020 წლის მაისში, პოლიციელის მიერ, აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით.

რა ვიცით კამალა ჰარისზე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდეს

კამალას მაშინდელმა აქტივობებმა მისი ბევრი ისეთი მოწინააღმდეგე გააჩუმა, ვინც ადრე მას პოლიციის მხრიდან ძალადობის გადამეტების ფაქტების არასათანადოდ გამოძიებაში ადანაშაულებდა.

ამ პროცესების პარალელურად, დემოკრატები ჯო ბაიდენს მოუწოდებდნენ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ფერადკანიანი ამერიკელი ქალი დაესახელებინა, რადგან ქვეყანაში რასობრივი უსამართლობა მთავარ გამოწვევად იყო ქცეული.

ასეც მოხდა – 2020 წლის აგვისტოში, ბაიდენმა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

ფაქტები კამალა ჰარისზე

– ის თავის თავს „მკაცრ ბოსს“ უწოდებს;
– მისი მთავარი დევიზია – „შენ შეიძლება იყო პირველი, მაგრამ დარწმუნდი, რომ უკანასკნელი არ ხარ“;
– არ უყვარს, როდესაც „ქალ ობამას“ ეძახიან. როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ გააგრძელებდა ობამას მემკვიდრეობას, კამილამ უპასუხა: „მე ჩემი მემკვიდრეობა მაქვს“.

ადრეული წლები

კამალა დევი ჰარისი ოუკლენდში (კალიფორნია), 1964 წელს დაიბადა. მისი სახელი ჰინდურ ენაზე „ლოტუსს“ ნიშნავს. კამალა იმიგრანტების შვილია. კერძოდ, დედა, კიბოს მკვლევარი, შიამალა გოპალანი წარმოშობით ინდოელია. მამა, დონალდ ჰარისი კი იამაიკიდანაა.

კამალას მშობლები ერთმანეთს კალიფორნიის უნივერსიტეტში შეხვდნენ. ორივე მათგანი აქტიურად იყო ჩართული სამოქალაქო უფლებათა დაცვის მოძრაობაში. ამიტომ, როდესაც კამალა დაიბადა, მშობლებს საპროტესტო აქციების დროს სულ თან დაყავდათ.

რა ვიცით კამალა ჰარისზე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდეს

კამალა 7 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ კამალასა და მის დას, მაიას დედა ზრდიდა, რომელიც ამავდროულად ადამიანის უფლებების დამცველი და აქტივისტი იყო.

„დედაჩემს კარგად ესმოდა, რომ ის ორ ფერადკანიან შვილს ზრდიდა. მას უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ თავდაჯერებულ და ამაყ, ფერადკანიან ქალებად გავიზრდებოდით“,- დაწერა მოგვიანებით კამალამ თავის ავტობიოგრაფიაში.

კამალამ ინდოეთი ბავშვობაში მოინახულა. იხსენებს, რომ მასზე დიდი გავლენა ბაბუამ მოახდინა, რომელიც მთავრობის მაღალჩინოსანი იყო და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. კამალას ბებია კი სამოქალქო აქტივისტი იყო.

განათლება და კარიერა

ოჯახის წევრების მსგავსად, აქტივიზმი მისი ცხოვრებისთვისაც გახდა ერთ-ერთი მთავარი მოწოდება. 13 წლის იყო, როდესაც მის მეზობლად მცხოვრები ბავშვები შეკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა იმ წესების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ბავშვებს მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე გაზონზე თამაშის უფლება არ ჰქონდათ.

სკოლის დამთავრების შემდეგ კამალამ სწავლა ჰოვარდის უნივერსიტეტში პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით განაგრძო. 1989 წელს კი, ჰასტინგსის კოლეჯში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

რა ვიცით კამალა ჰარისზე, რომელიც შესაძლოა, აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდეს

1990–98 წლებში ჰარისი ოუკლენდში პროკურორის მოადგილედ მუშაობდა. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო სექსუალური ხასიათის დანაშაულები იყო.

ჰარისის ოჯახი შვილის კარიერულ არჩევანს თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიამ ბევჯერ დაადასტურა, რომ პროკურორებს ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ, კამალა ამბობდა, რომ მას სისტემის შიგნიდან შეცვალა სურდა.

კამალა ჰარისს მნიშვნელოვანი რეპუტაცია და აღიარება მოუტანა ისეთ თემებზე მუშაობამ, როგორიც იყო ჯგუფური ძალადობის, ნარკოტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის საქმეები.

2004 წელს ჰარისი სან-ფრანცისკოს საოლქო პროკურორი, ხოლო 2010 წელს კალიფორნიის გენერალური პროკურორი გახდა. მან ხმების დაახლოებით 1%-იანი სხვაობით შეძლო აღნიშნული პოზიციის დაკავება, შედეგად ის გახდა პირველი ქალი და ასევე პირველი ფერადკანიანი ამერიკელი, რომელიც აღნიშნულ პოსტზე დაინიშნა.

ამის შემდეგ კამალა „პოლიტიკური დამოუკიდებლობის“ დემონსტრირებას ხშირად ახდენდა. მისი, როგორც პროკურორის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება. მაგალითად 2013 წელს კამალამ უარი განაცხადა, სამართლის ნორმა ე.წ Proposition 8-ის დაცვაზე, რომელიც შტატში ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას ეხებოდა.

კამალა, როგორც დემოკრატების პარტიის ამომავალი ვარსკვლავი, აშშ-ის სენატშიც მიიწვიეს. 2015 წელს ჰარისმა სენატორობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. კამპანიის დროს კი ის აქცენტს საიმიგრაციო საკითხებსა და კრიმინალურ-სამართლებრივ რეფორმებზე აკეთებდა. ასევე, მინიმალური ხელფასის გაზრდასა და ქალების რეპროდუქციული უფლებების დაცვაზე. შედეგმაც არ დააყოვნა და 2016 წლის არჩევნებში ის სენატში აირჩიეს.

ავტორი: ნინი ტაველიძე
წყარო: PTN.GE