კარგი იქნება, თუ აშშ საქართველოში თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას გაზრდის, განსაკუთრებით საჰაერო და საზღვაო კომპონენტში. ეს დიდი ძალების შეჯიბრების ნაწილია.
საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიმართულებით, – ამის შესახებ ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა Europe Time-ს განუცხადა.
კითხვაზე, რა ბედი ელის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც საქართველოს გავლით დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებდა, მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან, ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა აჩვენოს ყველას, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის ეს რეგიონი.
„ეს ყველაზე მთავარი სტრატეგიული საკითხია. აისახება თუ არა მთიან ყარაბაღში რუსეთის გამოჩენა იმ დერეფანზე, რომელიც ევროპას ევრაზიასთან დაკავშირებს. დიდი ალბათობით, რუსი სამხედროების ყოფნა ამ პროექტებისთვის საფრთხის შემცველი იქნება. გარდა ამისა, იზრდება სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის მნიშვნელობა, შესაბამისად, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, მაგალითად, აშშ-მა, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. კარგი იქნება, თუ აშშ საქართველოში თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას გაზრდის, განსაკუთრებით საჰაერო და საზღვაო კომპონენტში. ეს დიდი სახელმწიფოების შეჯიბრების ნაწილია. საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების მიმართულებით“, – აცხადებს ჰოჯესი.