სად იყო და სად არა, ამერიკული “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიც” (“აირაი”- IRI) გამოჩნდა – ცინცხალი “კვლევებით”, რომლებიც ღაღადებენ, რომ თურმე საქართველოს მოსახლეობის 78 პროცენტი მოუთმენლად ელის “პროპორციულ სისტემას” – ხალხს ალბათ აღარც ჭამა უნდა, აღარც ჩაცმა, მარტო ამაზე ფიქრობს!
“იმედინიუსის” ცნობით, “აირაი” ირწმუნება შემდეგს:
„ამ წელს ხელისუფლებამ გასცა დაპირება, შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით შეეცვალა. საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას. გარდა ამისა, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები დრო რჩება, მთავარი უპირატესობის მქონე ძალა ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი“.
აქვე აღნიშნულია, რომ პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა” საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო.